შეთანხმება თითქმის მიღწეულია - გაგუა სლოვანში გადასვლასთან ახლოსაა
CrystalSport-ის ცნობით, ესპანური „ალავესის“ 21 წლის ქართველი ფორვარდი გიორგი გაგუა „სლოვანში“ გადასვლასთან ძალიან ახლოსაა, მხარეები საიჯარო ხელშეკრულების ბოლო დეტალებზე თანხმდებიან.
CrystalSport-ის ცნობით, ფეხბურთელმა „ალავესთან“ კონტრაქტი ახლახანს გაახანგრძლივა, რომ კლუბს მისთვის „სლოვანში“ იჯარით გადასვლის უფლება მიეცა. გაგუას „ალავესთან“ კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდე აკავშირებდა და ხელშეკრულება 1 წლით, 2025 წლის ივნისამდე გაახანგრძლივა.
გიორგი გაგუა ოფიციალურად ესპანური კლუბის მოთამაშე 2019 წლის ოქტომბერში გახდა, 2021 წლის დასაწყისში ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვით ''ალავესის'' ღირსებას 2024 წლის ივნისამდე დაიცავს. გასული სეზონი იჯარით „რეალ უნიონში“ გაატარა, რომლის შემადგენლობაში 28 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა.
მიმდინარე სეზონის ლა ლიგის პირველ ტურში გიორგი გაგუა სათადარიგოთა სკამზე იჯდა, თუმცა არ უთამაშია. „ალავესი“ მეორე ტურის მატჩს ხვალ „სევილიასთან“ გამართავს, რომელსაც დიდი ალბათობით გაგუა გამოტოვებს.
ფოტო: Nakrebi.ge