ნინიაშვილის ბრწყინვალე დაბრუნება - ბორჯღალოსნებმა აშშ დაამარცხეს
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში აშშ 22:7 დაამარცხა.
„ბორჯღალოსნებმა“ აშშ-ს წინააღმდეგ მეოთხე მატჩი გამართეს და 4-დან 3 შეხვედრა გამარჯვებით დაასრულეს.
აღსანიშნავია რომ აშშ-სთან მატჩში მოედანს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დავით ნინიაშვილი დაუბრუნდა, მან მიმდინარე წლის მარტში ტრავმა მიიღო და რამდენიმე თვის შემდეგ პირველად ითამაშა.
მე-11 წუთზე დავით ნინიაშვილის პასის შემდეგ აკაკი ტაბუცაძემ ლელო დადო, თუმცა მატკავას გარდასახვა არაზუსტი გამოვიდა.
28-ე წუთზე შალვა მამუკაშვილმა ლელო დააფიქსირა და საქართველოს ნაკრების უპირატესობა გაზარდა. მატკავას ზუსტი გარდასახვის შემდეგ ანგარიში 12:0 გახდა.
აშშ-მ სხვაობა მალევე შეამცირა, დე ჰაასის ლელოს კარტის ზუსტი გარდასახვა მოჰყვა - 12:7.
მეორე ტაიმის სტარტზე დავით ნინიაშვილის ბრწყინვალე ლელოს შემდეგ ლუკა მატკავამ გარდასახვა ზუსტად შეასრულა. მატჩის საბოლოო ანგარიში მატკავამ ზუსტი ჯარიმით დააფიქსირა - 22:7.
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატამდე უკანასკნელ მატჩს 26 აგვისტოს შოტლანდიის წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.