ლუკა პარკაძე, ადმირა
Aa
Aa

პარკაძე ტრავმირებულია - ავსტრიული დებიუტი კვლავ გადაიდო

CrystalSport-ის ინფორმაციით, მიუნხენის „ბაიერნიდან“ „ადმირაში“ განათხოვრებული ლუკა პარკაძე ტრავმირებულია, მას ბარძაყის უკანა კუნთი აწუხებს, გუნდურ სავარჯიშო პროცესში არ მონაწილეობს და დღეს ავსტრიის ჩემპიონატის მე-4 ტურის მატჩი გამოტოვა.

ბიუროკრატიული პრობლემის გამო ავსტრიის ჩემპიონატში მისი დებიუტი გადაიდო, ახლახან ეს პრობლემა მოგვარდა, სამუშაო/საცხოვრებელი ვიზა მიიღო, თუმცა ბარძაყის უკანა კუნთის ტრავმის გამო გუნდს ვერ ეხმარება.

ლუკა „ბაიერნში“ იმყოფებოდა და სამედიცინო შემოწმება გაიარა. დადგინდა, რომ ტრავმა მძიმე არაა. დიდი ალბათობით, უახლოეს ტურებში მისი ავსტრიული დებიუტი შედგება. სავარაუდოდ, ტრავმა საქართველოდან წასვლის შემდეგ გაზრდილმა დატვირთვებმა განაპირობა.

ავსტრიის რანგით მეორე ლიგის საწყის ოთხ ტურში „ადმირამ“ 7 ქულა დააგროვა (2 მოგება, 1 ფრე, 1 მარცხი).

ცნობისთვის, პარკაძე „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია, „ბაიერნს“ საკუთარი მომავალი 5 წლით დაუკავშირა. მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას გერმანულმა გრანდმა 18 წლის შემტევი „ადმირაში“ გაანათხოვრა.

„ადმირა“ ავსტრიის 9-გზის ჩემპიონია, ქვეყნის თასი 6-ჯერ მოიგო. კლუბი ავსტრიის უმაღლესი დივიზიონიდან 2021-22 წლების სეზონში გავარდა და გასული სეზონი რანგით მეორე ლიგაში მე-10 პოზიციაზე დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები