პაკეტას მან. სიტიში ტრანსფერი ჩაიშალა - მიზეზი ცნობილია
ფაბრიციო რომანოს ცნობით, ლუკას პაკეტა „მანჩესტერ სიტიში“ არ გადავა, გარიგება არ შედგა, კლუბებს შორის მოლაპარაკება დასრულდა.
„მან. სიტი“ პაკეტას სანაცვლოდ „ვესტ ჰემს“ 85 მილიონ ფუნტ სტერლინგს სთავაზობდა (პლუს 10 მილიონი ბონუსების სახით), მაგრამ „ვესტ ჰემის“ ბონუსების გარეშე 110 მილიონის მიღება სურდა. მხარები სატრანსფერო თანხაზე ვერ შეთანხმდნენ და ტრანსფერი ამ მიზეზის გამო არ შედგა.
25 წლის ლუკას პაკეტას „ფლამენგოში“ (2016-19), „მილანსა“ (2019-20) და „ლიონში“ (2020-22) უთამაშია. 2022 წლის ზაფხულში „მილანიდან“ „ვესტ ჰემში“ გადავიდა და „ჩაქუჩებთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
გასულ სეზონში ლუკას პაკეტამ პრემიერ ლიგის 29 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა.
2018 წლიდან პაკეტა ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში თამაშობს, „სელესაოში“ 42 შეხვედრაში 9 გოლი შეაგდო, მათ შორის 1 გოლი 2022 წლის მუნდიალზე სამხრეთ კორეასთან გაიტანა.