იბერია 1999, ლევან ნონიკაშვილი, ქობულეთის შუქურა, შეიკნე სილა, ლუკა სილაგაძე, ლუკა რობაქიძე, ცოტნე კაპანაძე
Aa
Aa

გამარჯვება ლამაზი გოლებით - საბურთალომ შუქურას 5 გოლი გაუტანა

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 21-ე ტურში ომარ თეთრაძის გაწვრთნილმა „საბურთალომ“ „მიხეილ მესხის“ სათადარიგო მოედანზე ქობულეთის „შუქურა“ 5:1 გაანადგურა.

პირველ ტაიმში შეიკნე სილამ და ლუკა სილაგაძემ ორ-ორი გოლი გაიტანეს.

მე-8 წუთზე შეიკნე სილა სტუმართა საჯარიმოში შეიჭრა, მცველებს გაასწრო, მეკარესთან პირისპირ გავიდა და ანგარიში გახსნა.

მე-17 წუთზე ლევან ნონიკაშვილის გადაცემით „საბურთალომ’’ შეტევა გაამწვავა, სილაგაძემ იაქტიურა და ახლო მანძილიდან ეფექტური გოლი შეაგდო. მე-40 წუთზე სილაგაძემ მეტოქის ფეხბურთელს ბურთი აართვა, მახვილი კუთხიდან დაარტყა და დუბლი შეასრულა. „შუქურას“ მეკარე გიორგი აბრამიშვილი აშკარად შეცდა.

პირველი ტაიმის მიწურულს ცოტნე კაპანაძემ პენალტი მოიპოვა, რომელიც გოლად შეიკნე სილამ აქცია, 29 წლის მალელმა დუბლი შეასრულა. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 10 გოლია.

57-ე წუთზე ზაზა ციცქიშვილმა ლამაზი დარტყმით ანგარიში ხუთამდე გაზარდა.

82-ე წუთზე ლუკა რობაქიძემ „შუქურას“ სწრაფი შეტევა გოლით დაასრულა, მის წინ მცველი მოქმედებდა, თუმცა მოულოდნელად კარისკენ დაარტყა და კუპატაძე ბურთს ვერ შეწვდა. 20 წლის რობაქიძემ საქართველოს უმაღლეს ლიგაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა და პირველივე შეხვედრაში თავი გოლით გამოიჩინა, მისი გუნდი კი მძიმე მდგომარეობაშია, 7 ქულით გამოკვეთილი აუტსაიდერია.

შეგახსენებთ, ბათუმის „დინამომ“ 20 ტურში 45 ქულა დააგროვა, პირველ ადგილზეა. „საბურთალომ“ 21 ტურში 41 ქულა მოიპოვა და მეორე პოზიციაზეა. 22-ე ტურში „საბურთალო“ გორის „დილას“ მიიღებს (20 აგვისტო), ბათუმის „დინამო“ - „სამტრედიას“ (19 აგვისტო).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები