“რეალში თამაში დიდი გამოწვევაა და მზად ვარ“ - კეპას ინტერვიუ
დღეს, მადრიდის „რეალმა“ კეპა არისაბალაგა წარადგინა. პრეზენტაციის შემდეგ, ესპანელმა კარის დარაჯმა „სამეფო კლუბის“ ოფიციალურ ვებ-გვერდთან ისაუბრა.
კეპა:
„აქ საკმაოდ მოწიფული მოვედი. „რეალში“ თამაში დიდი გამოწვევაა და ამისთვის მზად ვარ. ვფიქრობ, მადრიდში სწორ დროს ჩამოვედი. გარწმუნებთ, რომ ვალდებულება და შრომა არ მაკლია. მოვედი ჩემი გზის და სახელის გასაუმჯობესებლად. ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან მარტივი იყო. შემოთავაზება სხვა კლუბებიდანაც მქონდა, მაგრამ, როცა ფლორენტინო პერესი დამიკავშირდა ყველაფერი უმნიშვნელო გახდა.
ფეხბურთში რაიმეს პროგნოზირება შეუძლებელია. ეს ცვალებადი სპორტია. მე ყოველთვის ვამახვილებ ყურადღებას იმაზე, რომ 100%-ით დავიხარჯო. ახლა ძალიან ბედნიერი ვარ. ახლა უფრო ძლიერი ვარ, ვიდრე რამდენიმე წლის წინ. ყველანაირი სიტუაცია გამოვიარე და ყოველთვის ვცდილობდი მაღალ დონეზე ყოფნას.
რაც შეეხება ჩემს ახალ თანაგუნდელებს, რამდენიმე მათგანთან ერთად ეროვნულ ნაკრებში მითამაშია. ვფიქრობ, ადაპტაციის პრობლემა არ მექნება. ჩემს ლონდონურ კარიერას პოზიტიურად შევაფასებ. 5 წელი ვიყავი დიდ კლუბში, რომელიც ნებისმიერი ტიტულისთვის იბრძვის და ფავორიტია. ამ პერიოდში დიდებულ ფეხბურთელებთან ერთად ვითამაშე. იყო რთული მომენტებიც, მაგრამ ეს ფეხბურთია, ყველაფერი ხდება..“
შეგახსენებთ, რომ კეპა არისაბალაგას ტრანსფერის საჭიროება მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც ტიბო კურტუამ იოგები გაიწყვიტა. ბელგიელი მეკარე მინიმუმ 7 თვე ვერ ითამაშებს. რაც შეეხება ესპანელს, ის „ბლანკოსში“ 1-წლიანი იჯარის წესით გადავიდა.