იტალიის ნაკრებს სპალეტი ჩაიბარებს | ოფიციალური განცხადება 16 აგვისტოს გაკეთდება
იტალიის საფეხბურთო ნაკრებს მალე ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. რობერტო მანჩინის ლუჩანო სპალეტი ჩაანაცვლებს, რომელმაც „ნაპოლის“ „სკუდეტო“ მოაგებინა, შემდეგ კი პაუზის აღება გადაწყვიტა.
იტალიელი ჟურნალისტის, ალესანდრო ალჩატოს ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია და სპალეტის დანიშვნა დროის ამბავია. როგორც ალჩატო აცხადებს, იტალიის ფეხბურთის ფედერაცია ოფიციალურ განცხადებას 16 აგვისტოს გააკეთებს.
.@Azzurri, contatti tra #Gravina e @ADeLaurentiis per #Spalletti. #Conte in attesa https://t.co/C5JFhGS8LJ
— Gianluca Di Marzio (@DiMarzio) August 14, 2023
სპალეტის კანდიდატურაზე ცნობილმა ჟურნალისტმა, ჯანლუკა დი მარციომაც დაწერა და მისი თქმით, ერთადერთი პრობლემა „ნაპოლის“ უკავშირდება. ლუჩანოს დანიშვნის შემთხვევაში, „ნაპოლიმ“ 3 მილიონი ევრო უნდა მიიღოს და მის გადახდაზე თანახმა არც სპალეტია და არც იტალიის ფეხბურთის ფედერაცია. დი მარციოს ცნობით, FIGC-ის პრეზიდენტს, გაბრიელე გრავინას „პარტენოპეის“ პირველ პირთან, აურელიო დე ლაურენტისთან კონტაქტი აქვს და იმედოვნებს, რომ ვითარებას გამოასწორებს.
ცნობისთვის, სპალეტის გარდა, ანტონიო კონტეს კანდიდატურაც განიხილება, მაგრამ მთავარი ფავორიტი ლუჩანოა და უდიდესი ალბათობით, „სკაუდრა აძურას“ სწორედ ის ჩაიბარებს.