გიორგი გაგუა, სლოვანი, ალავესი
Aa
Aa

El Correo: ალავესი გაგუას სლოვანში გაანათხოვრებს

ალავესური გამოცემის, El Correo-ს ინფორმაციით, გიორგი გაგუა კარიერას იჯარით ბრატისლავას „სლოვანში“ გააგრძელებს. ინფორმაციას რადიო MARCA-ს ჟურნალისტი მიკელ ურიაერტე იბარა ავრცელებს. ამ ეტაპზე ვლადიმირ ვაისის გუნდში გურამ კაშია და ჯაბა კანკავა თამაშობენ, გაგუა „სლოვანის“ მესამე ქართველი ფეხბურთელი გახდება.

CrystalSport-ის ცნობით, ფეხბურთელმა „ალავესთან“ კონტრაქტი ახლახანს გაახანგრძლივა, რომ კლუბს მისთვის „სლოვანში“ იჯარით გადასვლის უფლება მიეცა. გაგუას „ალავესთან“ კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდე აკავშირებდა და ხელშეკრულება 1 წლით, 2025 წლის ივნისამდე გაახანგრძლივა.

CrystalSport-ის ინფორმაციით, მიმდინარე ზაფხულში „სლოვანს“ „საბურთალოს“ შემტევის, იური ტაბატაძის დამატება სურდა, თუმცა სლოვაკეთის ჩემპიონს „საბურთალოსთვის“ ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავს.

CrystalSport-ი იუწყებოდა, რომ დიეგო სიმეონეს შვილის, ჯულიანო სიმეონეს მძიმე ტრავმის შემდეგ გაგუას „ალავესის“ პირველ გუნდში უხმეს და დღეს ლა ლიგის პირველ ტურში „კადისთან“ სამატჩო განაცხადში ვიხილავთ, თუმცა სიმეონეს ტრავმის შემდეგ „ალავესმა“ გამოცდილი ფორვარდი კიკე გარსია დაიმატა და „ალავესის“ პირველ გუნდში ფორვარდის პოზიციაზე კვლავ დიდი კონკურენციაა. „კადისთან“ სამატჩო განაცხადში „ალავესის“ შემადგენლობაში 4 ცენტრფორვარდია: მიგელ დე ლა ფუენტე, მამადუ სილა, გიორგი გაგუა და კიკე გარსია.

გიორგი გაგუა ოფიციალურად ესპანური კლუბის მოთამაშე 2019 წლის ოქტომბერში გახდა, 2021 წლის დასაწყისში ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვით ''ალავესის'' ღირსებას 2024 წლის ივნისამდე დაიცავს. გასული სეზონი იჯარით „რეალ უნიონში“ გაატარა, რომლის შემადგენლობაში 28 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა. ასევე გეტყვით, რომ გიორგი გაგუა ლა ლიგის სამატჩო განაცხადში მხოლოდ ერთხელ მოხვდა, 2021-22 წლების სეზონის ბოლო ტურში „კადისთან“ სათადარიგოთა სკამზე იჯდა, თუმცა არ უთამაშია.

„კადისი'' - „ალავესის“ მატჩი 14 აგვისტოს, 21 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. შეგახსენებთ, გაგუა სამატჩო განაცხადშია და შესაძლოა ლა ლიგაში მისი დებიუტი შედგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები