გიორგი გაგუა, ალავესი
Aa
Aa

გაგუა განაცხადშია - ალავესმა ფორვარდი დაიმატა და კონკურენცია გაზარდა

ლა ლიგის 2023-24 წლების სეზონის პირველ ტურში „კადისი“ „ალავესს“ უმასპინძლებს. „ალავესის“ სამატჩო განაცხადში 34-ნომრიანი მაისურით გიორგი გაგუა მოხვდა. შესაძლოა, ლა ლიგაში ქართველი ფორვარდის დებიუტი შედგეს.

გუშინ CrystalSport-ი იუწყებოდა, რომ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის გარსია პლაზამ გაგუა პირველ გუნდში იხმო,  ქართველმა ფორვარდმა პირველ გუნდთან რამდენჯერმე ივარჯიშა.

გუშინ გამართული ვარჯიშიდან გამომდინარე გიორგი გაგუას ორი კონკურენტი ჰყავდა: მიგელ დე ლა ფუენტე და მამადუ სილა. გიორგის კიდევ ერთმა კონკურენტმა, დიეგო სიმეონეს შვილმა ჯულიანო სიმეონემ მძიმე ტრავმა მიიღო, ფეხი მოიტეხა და გუნდს დიდი ხნით ვერ დაეხმარება, თუმცა დღეს „ალავესთან“ ერთად გამოცდილმა კიკე გარსიამ პირველად ივარჯიშა, ის გუნდის ახალწვეულია. ასე რომ, „ალავესის“ სამატჩო განაცხადში 4 ცენტრფორვარდია: მიგელ დე ლა ფუენტე, მამადუ სილა, გიორგი გაგუა და კიკე გარსია.

ესპანური მედია იუწყებოდა, რომ მიგელ დე ლა ფუენტეს მცირე ტრავმა აწუხებდა, თუმცა ის მწყობრშია და ლუის გარსია პლაზამ განაცხადში შეიყვანა.

გიორგი გაგუა ოფიციალურად ესპანური კლუბის მოთამაშე 2019 წლის ოქტომბერში გახდა, 2021 წლის დასაწყისში ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვით ''ალავესის'' ღირსებას 2024 წლის ივნისამდე დაიცავს. გასული სეზონი იჯარით „რეალ უნიონში“ გაატარა, რომლის შემადგენლობაში 28 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა.

ასევე გეტყვით, რომ გიორგი გაგუა ლა ლიგის სამატჩო განაცხადში მხოლოდ ერთხელ მოხვდა, 2021-22 წლების სეზონის ბოლო ტურში „კადისთან“ სათადარიგოთა სკამზე იჯდა, თუმცა არ უთამაშია.

„კადისი'' - „ალავესის“ მატჩი 14 აგვისტოს, 21 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები