1-წლიანი იჯარა გამოსყიდვის უფლებით | რეალის ოფიციალური შეთავაზება და ვალენსიას პასუხი
მადრიდის „რეალის“ მთავარი მეკარის, ტიბო კურტუას ტრავმის შემდეგ, „სამეფო კლუბი“ აქტიურად ეძებს ბელგიელის შემცვლელს. ესპანურ მედიაში არაერთი სახელი გაჟღერდა, რომელიც მადრიდულ გრანდს დაუკავშირეს. მათ შორის არის საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ კარის დარაჯი, გიორგი მამარდაშვილი. ასევე, თავისუფალი აგენტი დავიდ დე ხეა, „სევილიას“ მეკარე ბონო და „ჩელსის“ კიპერი კეპა.
ბუნებრივია, ქართველ გულშემატკივარს ყველაზე მეტად მამარდას ამბავი აინტერესებს. ესპანურ პრესაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები გავრცელდა, თუმცა, ბოლოს დაიწერა, რომ „ღამურებმა“ მადრიდელების შეთავაზებაზე უარი თქვეს.
იწერებოდა, რომ „რეალის“ მესვეურებმა „ვალენსიას“ ოფიციალური შეთავაზებითაც მიმართეს, თუმცა, მამარდაშვილის გუნდის შეფებმა ამ წინადადებაზე უარი თქვეს. ცოტა ხნის წინ კი ცნობილმა სააგენტო Tiempo de Juego-მ შეთავაზების დეტალებზე გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც ვიგებთ, რომ საუბარი 1-წლიან იჯარაზე იყო. კონკრეტულად, „რეალი“ მზად იყო მამარდაშვილი ერთი სეზონით დაემატებინა გამოსყიდვის ოპციით, „ღამურებს“ კი 5 მილიონ ევროსა და სეზონის ბოლოს, ქართველი მეკარის ყიდვის შემთხვევაში დამატებით 25 მილიონ ევროს სთავაზობდა. იწერება, რომ შეთავაზება პირადად „ვალენსიას“ პრეზიდენტმა დაბლოკა, რომელსაც სურს, რომ ქართველი მეკარის გაყიდვიდან მიღებული სარგებელი მხოლოდ ერთჯერადად და ერთიანად, მიმდინარე ზაფხულის ფანჯარაზე ნახოს.
???? Informa @HugoBallester
— Tiempo de Juego (@tjcope) August 12, 2023
❌ El Valencia CF rechazó una oferta del Real Madrid por Mamardashvili
???? El Real Madrid ofreció 5 millones por la cesión, con una opción de compra superior a los 25 millones de euros pic.twitter.com/qSqTxxXuZ8
შესაბამისად, მამარდას „სამეფო კლუბში“ ტრანსფერი გამოირიცხა, ამის შემდეგ კი ესპანურ მედიაში დაიწერა, რომ მადრიდელებმა „ჩელსის“ მეკარესთან, კეპასთან შეათანხმეს პირადი კონტრაქტი და ესპანელ კიპერს უახლოეს პერიოდში ერთწლიანი იჯარით დაიმატებენ.
საგულისხმოა, რომ „რეალმა“ უკვე მოასწრო ლა ლიგის პირველი ტურის შეხვედრის გამართვა. „სამეფო კლუბმა“ გუშინ, „სან მამესზე“ ბილბაოს „ატლეტიკი“ 0:2 დაამარცხა, ამ მატჩში კი გუნდის კარს სათადარიგო მეკარე, ანდრეი ლუნინი იცავდა.