გიორგი გაგუა, ალავესი
Aa
Aa

სიმეონეს ტრავმა და გაგუას შანსი - გარსიამ ქართველი პირველ გუნდში იხმო

ლა ლიგის 2023-24 წლების სეზონის პირველ ტურში „კადისი“ „ალავესს“ უმასპინძლებს. CrystalSport-ის ინფორმაციით, შესაძლოა სტუმართა სამატჩო განაცხადში 21 წლის ქართველი ფორვარდი გიორგი გაგუა მოხვდეს, რომელიც მთავარმა მწვრთნელმა ლუის გარსია პლაზამ პირველ გუნდში იხმო, გუშინ და დღეს ქართველმა ფორვარდმა პირველ გუნდთან ერთად ივარჯიშა.

ამ ეტაპზე გიორგი გაგუას ორი კონკურენტი ჰყავს: მიგელ დე ლა ფუენტე და მამადუ სილა. გიორგის კიდევ ერთმა კონკურენტმა, დიეგო სიმეონეს შვილმა ჯულიანო სიმეონემ მძიმე ტრავმა მიიღო, ფეხი მოიტეხა და გუნდს დიდი ხნით ვერ დაეხმარება.

ამ ეტაპზე გიორგი გაგუას კონკურენცია მიგელ დე ლა ფუენტესთან და მამადუ სილასთან მოუწევს, ლუის გარსიას განკარგულებაში სამი ცენტრფორვარდია. გიორგი გაგუას „კადისთან“ თამაშის შანსს კიდევ ერთი ფაქტი ზრდის, დე ლა ფუენტეს მცირე ტრავმა აწუხებს, მისი თამაში საეჭვოა.

ლუის გარსიას ხელმძღვანელობით გასულ სეზონში „ალავესი“ ლა ლიგაში დაბრუნდა.

გაგუას კონკურენტების გასული სეზონის სტატისტიკა ასეთია: 23 წლის მიგელ დე ლა ფუენტემ გასულ სეზონში ლა ლიგა 2-ის 34 მატჩში 4 გოლი შეაგდო, 29 წლის მამადუ სილამ ლა ლიგა 2-ის 23 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა.

გიორგი გაგუა ოფიციალურად ესპანური კლუბის მოთამაშე 2019 წლის ოქტომბერში გახდა, 2021 წლის დასაწყისში ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვით ''ალავესის'' ღირსებას 2024 წლის ივნისამდე დაიცავს. გასული სეზონი იჯარით „რეალ უნიონში“ გაატარა, რომლის შემადგენლობაში 28 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა.

ასევე გეტყვით, რომ გიორგი გაგუა ლა ლიგის სამატჩო განაცხადში მხოლოდ ერთხელ მოხვდა, 2021-22 წლების სეზონის ბოლო ტურში „კადისთან“ სათადარიგოთა სკამზე იჯდა, თუმცა არ უთამაშია.

„კადისი'' - „ალავესის“ მატჩი 14 აგვისტოს, 21 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები