მამარდაშვილის მნიშვნელოვანი სეივი | ვალენსიამ სეზონი გამარჯვებით დაიწყო
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ესპანეთის ლა ლიგის 2023/24 წლების სეზონი „რამონ სანჩეს პისხუანზე“ გახსნა, სადაც „სევილიას“ დაუპირისპირდა. „ღამურებს“ ბრწყინვალე სტარტი გამოუვიდათ და ანდალუსიელები სტუმრად 2:1 დაამარცხეს.
შეხვედრაში ანგარიში „ვალენსიამ“ გახსნა. მე-60 წუთზე, „ჩეს“ კონტრშეტევას მუკტარ დიახაბის გოლი მოჰყვა. მასპინძლებმა წონასწორობა 10 წუთში აღადგინეს. 70-ე წუთზე, სუსოს ჩაწოდების შემდეგ, იუსეფ ენ ნესირიმ გაიტანა. გოლის ეპიზოდში, „მამარდას“ ვერაფერში დავადანაშაულებთ და იგი უძლური იყო. „ვალენსიამ“ გადამწყვეტი გოლი 89-ე წუთზე გაიტანა და თავი ხავი გერამ გამოიჩინა.
„სევილიამ“ მამარდაშვილის კარის მიმართულებით ზუსტად სამჯერ დაარტყა. ერთხელ გოლი გავიდა, ორჯერ კი საკუთარი გუნდი გიორგიმ გადაარჩინა. მეორე სეივი „მამარდამ“ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-9 წუთზე მიითვალა და „ვალენსიას“ 3 ქულა შეუნარჩუნა. აღსანიშნავია მომენტი მეორე ნახევარში, როცა ქართველმა მეკარემ თავი გაწირა და აკუნიას ჩაწოდების შემდეგ, ენ ნესირის არაფრის შანსი არ მისცა.
ამრიგად, „ვალენსიამ“ 2:1 მოიგო და მის ანგარიშზე 3 ქულაა. „ღამურები“ მომდევნო შეხვედრას 18 აგვისტოს გამართავენ და საკუთარ კედლებში „ლას პალმასს“ დაუპირისპირდებიან.