ლევანტე, გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

დებიუტი ლა ლიგა 2-ში? - ქოჩორაშვილი ლევანტეს განაცხადშია

ლა ლიგა 2-ის 2023-24 წლების სეზონის პირველ ტურში ხავიერ კალეხას გაწვრთნილი „ლევანტე“ სტუმრად „ამორებიეტას“ შეხვდება. „ლევანტემ“ 20-კაციანი განაცხადი გამოაქვეყნა, რომელშიც ქართველი საყრდენი გიორგი ქოჩორაშვილიც მოხვდა. დიდია იმის ალბათობა, რომ ლა ლიგა 2-ში ქოჩორაშვილის დებიუტი შედგეს.

გამომდინარე იქიდან, რომ გასული სეზონი ქოჩორაშვილმა „კასტელონში“ ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა, „ლევანტეს“ ფეხბურთელის განათხოვრებაზე აღარ უფიქრია, კალეხა ქართველს ამხანაგურ შეხვედრებში რეგულარულად ათამაშებდა. ასე რომ, შესაძლოა დღეს ქართველი 6-იანის თამაში ვიხილოთ.

„ამორებიეტა“ - „ლევანტეს“ მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, 24 წლის ქოჩორაშვილი 2019 წლიდან „ლევანტეს“ საკუთრებაა, ლა ლიგაში 4 მატჩი ჩაატარა, ესპანეთის თასზე კი ორ შეხვედრაში 1 გოლი შეაგდო, თუმცა გასულ წლებში პირველ გუნდში ადგილი ვერ დაიმკვიდრა. „კასტელონში“ ჩატარებული შესანიშნავი სეზონის (2022-23) შემდეგ „ლევანტეს“ პირველ გუნდში შესაძლებლობების დამტკიცების შანსი ექნება.

გასულ თვეში, ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემამ, Cope-მ „ლევანტეს“ ქართველ ფეხბურთელს, გიორგი ქოჩორაშვილს სტატია მიუძღვნა. Cope „ქოჩორას“ მიერ „კასტელონში“ გატარებულ პერიოდს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი ამბიცია „გრანოტას“ ძირითად გუნდში ადგილის დამკვიდრებაა. ქოჩორაშვილი კასტელონში საკვანძო ფიგურა იყო, გაიზარდა და ლევანტეს MVP-ის სტატუსით უბრუნდება

„გიორგი ქოჩორაშვილი ლევანტეში დაბრუნდა და მისი მიზანი გუნდში ადგილის დამკვიდრება გახლავთ. ქართველმა ნახევარმცველმა კასტელონში ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა და ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონში გადასასვლელ პლეიოფშიც ითამაშა. ლევანტეში ტრანსფერიდან 4 წლის შემდეგ, ქართველი ნახევარმცველის მიზანი გუნდის მთავარი მწვრთნელის, ხავიერ კალეხას დარწმუნება იქნება, რომ მას შეუძლია, მისი იმედი ჰქონდეს. ამ მიზნის მქონე ფეხბურთელმა დრო არ დაკარგა და წინასასეზონო სამზადისისთვის გუნდს ვადაზე ადრე შეუერთდა.

ქოჩომ გასულ სეზონში მონაწილეობა 40 შეხვედრაში მიიღო. 36 მატჩი რეგულარულ სეზონში, 4 - პლეიოფში. გიორგი, ისეთი გუნდების წინააღმდეგ გამართულ დაპირისპირებებში, როგორებიც დეპორტივო და ალკორკონი არიან, შეხვედრის MVP გახდა, რის წყალობითაც, სეზონი ფანტასტიკურად დაასრულა. მართალია, ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელი წევრი არ ყოფილა, მაგრამ კასტელონი მისი ასპარეზობით კმაყოფილი და ბედნიერი დარჩა. გიორგიმ 4 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა მიითვალა და ხარიხა რომ არა, აღზევებისთვის გადამწყვეტ ბურთსაც შეაგდებდა.

ქართველი ფეხბურთელი კასტელონში იჯარის წესით თამაშობდა. კასტალიაში ის პლეიმეიქერის რანგში გადავიდა, მაგრამ ალბერტ რუდემ უკან დახია, რვიანის პოზიციაზე ათამაშა და ყველაფერმა კარგად იმუშავა. შემტევი უნარების მიუხედავად, ქოჩორაშვილმა, რომელიც 3-ნომრიანი მაისურით ასპარეზობდა, მედიას განუცხადა, რომ ყველაზე კომფორტულად თავს საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე გრძნობდა. გიორგი ლევანტეში წარმატებული სეზონის შემდეგ ბრუნდება და კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე გაახანგრძლივა. ამ შაბათს, მან სტოკთან გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა“ - გასულ თვეში წერდა Cope.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები