ფავორიტი გამოიკვეთა | რეალისთვის პრიორიტეტი ბონოა
მადრიდის „რეალი“ ტიბო კურტუას შემცვლელს ეძებს. ბელგიელმა მძიმე ტრავმა მიიღო, ჯვარედინი იოგები დაიზიანა და გუნდს დიდი ხნით გამოაკლდა. ავტორიტეტული Marca-ს ინფორმაციით, „სამეფო კლუბის“ პრიორიტეტი „სევილიას“ მეკარე, იასინ ბონოა.
„ბლანკოსს“ ოთხი გოლკიპერის გაფორმება შესთავაზეს: უგო ლორისი, დავიდ დე ხეა, კეპა არისაბალაგა, კეილორ ნავასი. მადრიდულ გრანდს მთელი ყურადღება ანდალუსიელთა ფეხბურთელზე აქვს გადატანილი და Marca-ს თუ დავუჯერებთ, მომდევნო საათები გადამწყვეტი იქნება.
AS-ის ცნობით, მაროკოელმა მეკარემ კლუბის ხელმძღვანელობას შეატყობინა, რომ „რეალში“ გადასვლა სურს. „სევილიას“ მის სანაცვლოდ 20-25 მილიონი ევროს მიღება უნდა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ საუბარი ეხება კლუბს, რომელიც ანდალუსიელებს ძალიან არ მოსწონთ, დიდი შანსია, ბევრად მეტი მოითხოვონ.
Marca-ს ინფორმაციით, ბონო გამოკვეთილი ფავორიტია და „ბლანკოსი“ „სევილიასთან“ მოლაპარაკებებს მალე დაიწყებს. მაროკოელი ფეხბურთელი 32 წლისაა და ანდალუსიელთა მაისურით ჩატარებულ 140 შეხვედრაში კარი მშრალად 58-ჯერ შეინახა.