მიქაუტაძე Eurosport-ის რჩეულებში | „ყურადღება მიაქციეთ ამ ბიჭს“
ცნობილმა გამოცემამ, Eurosport-მა საფრანგეთის ლიგა 1-ის მოახლოებულ სეზონს სტატია მიუძღვნა და 5 კითხვა დაასახელა, რომლებსაც 2023/24 წლების გათამაშებაში პასუხი გაეცემა. Eurosport-მა ახალგაზრდა ფეხბურთელებზეც დაწერა, რომლებსაც თვალი უნდა ვადევნოთ და გამოცემის რჩეულთა შორის „მეცის“ ქართველი შემტევი, გიორგი მიქაუტაძე მოხვდა.
„ყურადღება მიაქციეთ გიორგი მიქაუტაძეს, ვისმა ბრწყინვალე სეზონმაც მეცს ლიგა 1-ში დაბრუნების საშუალება მისცა. მიქაუტაძე, საჭიროებიდან გამომდინარე, ცენტრფორვარდის ან მეორე თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობს. მას მეტსახელად „ახალი კვარა“ შეარქვეს, რაც ალბათ, შეუფერებელია, მაგრამ მის პროგრესს აუცილებლად უნდა დააკვირდეთ“, - წერს Eurosport-ი.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, მიქაუტაძე Maxifoot-მაც გამოარჩია. ფრანგული გამოცემის მიხედვით, „მეცმა“ ლიგა 1-ში ადგილი რომ შეინარჩუნოს, საჭირო იქნება, მიქაუტაძემ გასულ სეზონში შეგდებული გოლების ნახევარი მაინც გაიტანოს.
გეტყვით იმასაც, რომ მიქაუტაძის გუნდი ლიგა 1-ის პირველ ტურში სტუმრად „რენს“ დაუპირისპირდება. მატჩი 13 აგვისტოს, თბილისის დროით, 19:05-ზე დაიწყება.