მოურინიო: “ყოველთვის მადრიდისტა ვიყავი და ვიქნები“
დიდი ხანია ჟოზე მოურინიოს იტალიურ მედიასთან არ უსაუბრია. „განსაკუთრებულმა“ Corriere dello Sport-ს საინტერესო ინტერვიუ მისცა.
რა თქვა მოურინიომ?
შეიძლება ადამიანებს განსხვავებული აღქმა ჰქონდეთ, მაგრამ მე ყოველთვის მშვენიერი ურთიერთობა მქონდა იმ კლუბებთან, რომლებშიც ვმუშაობდი. პორტუგალიაში მადრიდის „რეალის“ მექსიკელ გულშემატკივარს შევხვდი, რომელიც დიდი სიხარულით მომესალმა. მე ყოველთვის მადრიდისტა ვიყავი და ვიქნები.
ხშირად არ ხდება, როცა წარმატებული მწვრთნელი სუსტ გუნდში იწყებს მუშაობას. ბოლო ასეთი შემთხვევა ანჩელოტიზე მახსენდება, როდესაც მან „ევერტონი“ ჩაიბარა. ხალხს ეგონა, რომ ის კარიერას ასრულებდა, მაგრამ არა!! ის „რეალში“ წავიდა და ტიტულები მოიგო. როდესაც ჩემი და კარლოს ეპოქა დასრულდება, მეეჭვება ასეთი ხანგრძლივი და წარმატებული პერიოდი ვინმეს ჰქონდეს.
კარლომ პირველი საერთაშორისო ტიტული 2003 წელს მოიგო, ბოლო 2023-ში. მე პირველი 2004-ში, ხოლო ბოლო 2022-ში. ის შესანიშნავი მწვრთნელია და იმედი მაქვს, რომ „რეალში“ დიდი ხნის განმავლობაში დარჩება. რაც შეეხება ჩემს „რომაში“ მოსვლას, კარიერის ამ ეტაპზე სტაბილურობა მჭირდებოდა. ვგრძნობდი, რომ ჩემში რაღაც შეიცვალა. მშვიდად და ნაკლები წნეხის გარეშე მუშაობა მჭირდებოდა.“
შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიოს შეთავაზება საუდის არაბეთიდან ჰქონდა, მაგრამ პორტუგალიელი სპეციალისტი „რომას“ ერთგული დარჩა. გასული სეზონის დასრულების დროს, მან „ჯალოროსის“ გულშემატკივრებს სიტყვა მისცა, რომ არსად წავიდოდა.