მიროსლავ კლოზე
Aa
Aa

ნოსტალგია - აუღიარებელი გენიოსი, რომელმაც მსოფლიო დაიპყრო

მიროსლავ კლოზეს დიდი აღიარება არ აქვს.. ალბათ იმიტომ, რომ ის ყოველთვის ძალიან თავმდაბალი ფეხბურთელი იყო, მაგრამ მასზე მეტი გოლი მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში არვის აქვს გატანილი..

გერმანელ თავდამსხმელს ნაყოფიერი საკლუბო კარიერა ჰქონდა. მოიგო ბუნდესლიგის ორი ტიტული, ორი DFB-Pokal და Coppa Italia.

ბრემენის „ვერდერი“.. მიუნხენის „ბაიერნი“.. „ლაციო“.. კლოზემ თავის საკლუბო კარიერაში 668 მატჩი ჩაატარა და 258 გოლი გაიტანა.

თუმცა მისი ყველაზე მტკიცე მემკვიდრეობა სანაკრებო კარიერიდან მივიღეთ..

კლოზე პოლონეთში დაიბადა, მაგრამ 2001 წელს, როდესაც მას ბუნდეს ნაკრებიდან მიუვიდა წინადადება, უყოყმანოდ დათანხმდა.

„მე გერმანული პასპორტი მაქვს და თუ ყველაფერი სწორად წავა კარგი შანსი მაქვს რუდი ფიოლერთან თამაშის.“ - განაცხადა კლოზემ

ალბანეთთან სადებიუტო მატჩის მე-15 წუთზე, მიროსლავმა გოლი გაიტანა და მსოფლიოს თავისი თავი, თავისი საკულტო აღნიშვნით გააცნო..

2002 წელს, მსოფლიო ჩემპიონატზე, კლოზე რუდი ფიოლერის ნაკრებში ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე მოგვევლინა. გერმანიამ საუდის არაბეთი 8:0 გაანადგურა, ხოლო მიროსლავმა ჰეთ-თრიკი შეასრულა. მან ასევე კამერუნსა და ირლანდიის რესპუბლიკას გაუტანა.

კლოზე გახდა ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ერთ მსოფლიოს ჩემპიონატზე თავით 5 გოლი გაიტანა..

ფიოლერის გერმანიამ ფინალამდე მიაღწია და მხოლოდ ვარსკვლავურ ბრაზილიასთან დამარცხდა.. კლოზე კი სანაკრებო კარიერაში პირველ ნაბიჯებს დგამდა.. ეს მხოლოდ დასაწყისი იყო..

მოლოდინის რეჟიმი კიდევ იმან გაამძაფრა, რომ 4 წლის შემდეგ, გერმანია მუნდიალს მასპინძლობდა. კლოზემ იმ სეზონში, ბრემენის „ვერდერის“ შემადგენლობაში 31 გოლი გაიტანა. ამისთვის მას 40 შეხვედრა დასჭირდა..

იურგენ კლინსმანმა ფიოლერი ჩაანაცვლა და მას მეოთხე მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დაევალა!!

მიროსლავმა ახალ მწვრთნელს იმედები არ გაუცრუა. კოსტა რიკას და ეკვადორს დუბლი შეუსრულა და გერმანია ჯგუფიდან გაიყვანა.

ბუნდეს ნაკრებმა მერვედფინალში შვედეთი დაამარცხა, ხოლო მეოთხედფინალში არგენტინას შეხვდა, სადაც კლოზემ ანგარიში გაათანაბრა და მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა. გერმანიამ მეოთხედფინალი მოიგო, მაგრამ ნახევარფინალში იტალიასთან ვერაფერი გააწყო და დამარცხდა..

საბოლოოდ, გერმანიამ მესამე ადგილი დაიკავა, კლოზე კი მუნდიალის ბომარდირი გახდა და ოქროს ბუცი ერგო..

ნელ-ნელა სამხრეთ აფრიკის მსოფლიო ჩემპიონატის დრო დგებოდა. კლოზეს კი რონალდოს რეკორდის მოხსნას უწინასწარმეტყველებდნენ.

გერმანელი თავდამსხმელი დარწმუნებული იყო, რომ მუნდიალის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბუნდესლიგის იმ სეზონში მხოლოდ 3 გოლი გაიტანა. ამავე აზრზე იყო იოჰიმ ლიოვიც..

„მიროს მიმართ ოპტიმისტური განწყობა მაქვს. დარწმუნებული ვარ, საუკეთესო ფორმას დაიბრუნებს და ახალ ისტორიას დაწერს.“ - განაცხადა

მიროსლავმა საწადელს ვერ მიაღწია. ამის პარალელურად გერმანია კვლავ ნახევარფინალში დამარცხდა, ამჯერად ესპანეთთან..

კლოზე ალბათ ვეღარ წარმოიდგენდა, რომ რონალდოს რეკორდს 4 წლის შემდეგ, 36 წლის ასაკში, პირადად ბრაზილიის წინააღმდეგ დაამხობდა..

„ნამდვილად ვგრძნობ სინანულს. ვფიქრობ, მსოფლიო ჩემპიონატზე ვეღარ ვითამაშებ.“ - განაცხადა კლოზემ 2013 წელს.

ლიოვმა მუნდიალზე ნომინალური თავდამსხმელი მხოლოდ კლოზე წაიყვანა, მაგრამ მას ზურგს მესუთ იოზილი, მარიო გიოტცე და ანდრეს შიურლე უმაგრებდნენ..

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, გერმანიამ პირველივე ტურში პორტუგალია 4:0 გაანადგურა, მაგრამ მეორე მატჩი განასთან გაუჭირდა. ბუნდეს ნაკრები 1:2-ს აგებდა და ლიოვმა საქმეში კლოზე ჩართო. ვეტერანმა ფეხბურთელმა გერმანია მარცხისგან იხსნა.

ამ გოლით მიროსლავმა რონალდოს რეკორდი გაიმეორა - 14 გოლი მუნდიალზე!!

გერმანია ზედიზედ მეოთხე ნახევარფინალში გავიდა, სადაც მასპინძელ ბრაზილიასთან ურთულესი მატჩი უნდა ჰქონოდა.. ბუნდეს ნაკრებმა მატჩისწინა სცენარი დაანგრია!! ბრაზილია 7:1 გაანადგურა და „სელესაოს“ ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო გაუთენა..

ასეთმა გამარჯვებამ, გარკვეულწილად კლოზეს მიღწევა დაჩრდილა. ვეტერანმა თავდამსხმელმა ბრაზილიას 23-ე წუთზე გაუტანა და ამით რონალდოს რეკორდი დაამხო!!

ფინალში, არგენტინის წინააღმდეგ კლოზეს ნდობა 88 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. შემდეგ მინდორზე მარიო გიოტცე გამოვიდა და „ალბისელესტეს“ გადამწყვეტი გოლი გაუტანა.

იმავე წლის ნოემბერში, კლოზემ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა: „წასვლის დროა, ნაკრების წარმატება ყოველთვის პირად წარმატებაზე მაღლა დგას. ახლა სხვისი დრო დგება. რეკორდები არასდროს მაინტერესებდა. მთავარი გუნდის წარმატება იყო..“

შესაძლოა მას ისეთი აღიარება არასდროს მიუღია, როგორსაც იმსახურებდა, მაგრამ კლოზემ მსოფლიო ფეხბურთში თავისი წარუშლელი კვალი დატოვა..

ისტორია მას დაიმახსოვრებს, როგორც მსოფლიო ჩემპიონატის გმირს, რომელმაც დაუფარავი მონდომებითა და შრომისმოყვარეობით ბევრი ვარსკვლავი დაჩრდილა..

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნოსტალგია - ბავშვი, რომელიც ცას ხელით შეეხო
ნოსტალგია - ბავშვი, რომელიც ცას ხელით შეეხო