ნაპოლი ნახევარდაცვას აძლიერებს | რეიმსს შეუთანხმდნენ, სელტას შეთავაზება გაუკეთეს
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ დღევანდელი სატრანსფერო დღის ორი სიახლე უკავშირდება. Footmercato-ს ინფორმაციით, „პარტენოპეიმ“ „რეიმსთან“ შეთანხმებას მიაღწია და უახლოეს პერიოდში, იენს კაიუსტეს გაიფორმებს.
კაიუსტე 23 წლის შვედი ნახევარმცველია და ნეაპოლურ კლუბში სამედიცინო შემოწმებას დღეს, მომდევნო საათებში გაივლის. „ნაპოლის“ ახალ თავკაცს, რუდი გარსიას ფიზიკურად ძლიერი ნახევარმცველის დამატება უნდოდა და კაიუსტე სწორედ ამ კატეგორიაში გადის.
მეორე სიახლეს რაც შეეხება, როგორც ესპანური გამოცემები წერენ, „პარტენოპეი“ გაბრი ვეიგას არ ეშვება. იტალიელებმა „სელტას“ მეორე წინადადებით მიმართეს და მზად არიან, ვეიგას სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადონ. პერსპექტიული ესპანელი ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 40 მილიონი ევროა და AS-ის ცნობით, ვიგოელები ამ თანხაზე ნაკლებად მის გაყიდვას არ აპირებენ.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელის გუნდი სერია A-ს ახალ სეზონს 19 აგვისტოს გახსნის. „კვარა“ და კომპანია სტუმრად გიორგი კვერნაძის „ფროზინონეს“ დაუპირისპირდებიან.