ოთარ კიტეიშვილი, პსვ, გრაცის შტურმი
Aa
Aa

პსვ-ს 4 გოლი - შტურმი ჩემპიონთა ლიგაზე უშანსოდ დამარცხდა

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე პსვ-მ ეინდჰოვენში გრაცის „შტურმი“ დამაჯერებლად, 4:1 დაამარცხა.

ანგარიში მე-4 წუთზე ისაკ ბაბადიმ გახსნა, რასაც ლუკ დე იონგის დუბლი მოჰყვა, ნიდერლანდელმა ფორვარდმა გოლები 10-წუთიან მონაკვეთში გაიტანა (22, 32). მე-40 წუთზე „შტურმის“ სლოვენიელმა ნახევარმცველმა გორენც სტანკოვიჩმა ანგარიში შეამცირა - 3:1. მატჩის საბოლოო ანგარიში 73-ე წუთზე იბრაჰიმ სანგარემ დააფიქსირა.

„შტურმის“ სასტარტოში ოთარ კიტეიშვილმა ითამაშა. პირველი ტაიმის 29-ე წუთზე, როცა „შტურმი“ მეტოქის ნახევარზე პრესინგს ახორციელებდა, ქართველი ფეხბურთელის წინააღმდეგ უხეშად ითამაშეს, კიტეიშვილი ტკივილმა შეაწუხა, თუმცა მინდორი პირველ ტაიმში არ დაუტოვებია. 

პირველ ტაიმში, პსვ-ს მესამე გოლის მომენტში ოთარ კიტეიშვილი თანაგუნდელებს დაცვითი ფუნქციების შესრულებაში ეხმარებოდა, თუმცა ლუკ დე იონგის დარტყმა ვერც მან გაანეიტრალა, ნიდერლანდელმა დუბლი შეასრულა და ანგარიში 3:0 გახდა.

კიტეიშვილის თამაშიდან გამოსარჩევია ერთი ეპიზოდი მეორე ტაიმიდან, როცა მეტოქის ორ ფეხბურთელს გვერდი აუარა და საჯარიმოში მყოფი თანაგუნდელის მისამართით საკვანძო გადაცემა შეასრულა, თუმცა ამ შეტევას შესაბამისი გაგრძელება არ მოჰყვა. ასევე,52-ე წუთზე მის წინააღმდეგ თამაშის წესი დაირღვა და ამ ეპიზოდში გამოჩნდა, რომ მას ფეხი კვლავ აწუხებდა (ვგულისხმობთ, პირველ ტაიმში მიყენებულ დარტყმას).

„შტურმის“ მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან ილცერმა მეორე ტაიმში, 70-ე წუთზე ოთარ კიტეიშვილი მისი უშუალო კონკურენტით, ტომი ხორვატით შეცვალა.

Sofascore-მა კიტეიშვილს საკმაოდ დაბალი შეფასება - 5,9 დაუწერა. ავსტრიული გუნდის მხრიდან მასზე დაბალი შეფასება მხოლოდ მარჯვენა მცველმა იუსუფ გაზიბეგოვიჩმა მიიღო - 5,8. 27 წლის ქართველმა ნახევარმცველმა 25-დან 18 პასი ზუსტად შეასრულა (72 პროცენტი). მინდორზე 10 ორთაბრძოლიდან მხოლოდ 3 მოიგო, საჰაერო ორთაბრძოლა მხოლოდ 1 ჰქონდა და დათმო. ბურთი 13-ჯერ დაკარგა.

საპასუხო მატჩი 15 აგვისტოს გრაცში გაიმართება.

შეგახსენებთ, გრაცის „შტურმს“ კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში განაღდებული აქვს. თუ ავსტრიული გუნდი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდება, ევროპა ლიგის ფლეი-ოფში გადაერთვება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები