ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი | ქართველთა გუნდების მომდევნო მეტოქეები
ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფის წილისყრა გაიმართა. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად ჯაბა კანკავასა და გურამ კაშიას „სლოვანი“, დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენი“ და ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ იბრძვიან. დღეს, ცნობილი გახდა, მომდევნო ეტაპზე მათი მეტოქეები ვინ იქნებიან.
მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში, „სლოვანის“ ოპონენტი „მაკაბი ჰაიფა“ გახლავთ. თუ ებრაული კლუბის ბარიერი დაძლიეს, ქართველების გუნდი „იანგ ბოიზს“ დაუპირისპირდება. „კოპენჰაგენს“ რაც შეეხება, პრაღის „სპარტას“ გავლის შემთხვევაში, დანიელთა მეტოქე „რაკუვისა“ და „არის ლიმასოლის“ წყვილის გამარჯვებული იქნება.
კიტეიშვილის გუნდს რაც შეეხება, გრაცელებს რთული მეტოქე ჰყავთ და მე-3 ეტაპზე პსვ-ს ხვდებიან. თუ ნიდერლანდური გრანდის ბარიერი გაიარეს, მათი მომდევნო მოწინააღმდეგე „რეინჯერსისა“ და „სერვეტის“ წყვილში საუკეთესო იქნება.
შეგახსენებთ, რომ „შტურმი“ და „კოპენჰაგენი“ თავიანთ შეხვედრებს ხვალ გამართავენ, „სლოვანის“ დაპირისპირებას კი ოთხშაბათს ვიხილავთ.