მარცხი 25-ქულიანი სხვაობით - საქართველომ ლატვიასთან წააგო
საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა მესამე ამხანაგური მატჩი გამართა და კვლავ დამარცხდა. ზუროსის შეგირდები ამჯერად ლატვიას დაუპირისპირდნენ და 57:82 წააგეს.
მატჩი რაჭაში მომხდარი ტრაგედიის გამო წუთიერი დუმილით დაიწყო. სასტარტო ხუთეული კი ასეთი იყო: მამუკელაშვილი, მაკფადენი, ცინცაძე, შერმადინი, შენგელია.
საქართველოსთვის წარმატებული მხოლოდ პირველი მეოთხედი აღმოჩნდა, რომელიც 20:19 მოიგო. ამის შემდეგ კი სრული კრახი. მეორე მეოთხედი ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა 19:26 წააგო.
მეორე ტაიმი კი სრული კოშმარი აღმოჩნდა. მესამე და მეოთხე მეოთხედში, ჯამში საქართველომ 18 ქულას მოუყარა თავი. ცნობისთვის, ლატვიელთა ლიდერს პორზინგისს აღნიშნულ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები ამ მატჩის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდება და მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას სწორედ აქ გააგრძელებს.