ჟორჟე მენდეში, გიგი გოგია, ვიტორია გიმარაეში
Aa
Aa

17 წლის ქართველი პორტუგალიურ კლუბში - ტრანსფერზე მენდეშის სააგენტომ იმუშავა

CrystalSport-ის ინფორმაციით, 17 წლის ქართველი ფეხბურთელი გიგი გოგია კარიერას „ვიტორია გიმარაეშში“ გააგრძელებს. გიგი ახალ კლუბს ზამთარში შეუერთდება, საწყის ეტაპზე „ვიტორია გიმარაეშის“ 19 და 23 წლამდე გუნდებში ითამაშებს.

ავტორიტეტული სააგენტოს, Gestifute-ს წარმომადგენლებმა ქართველი ფეხბურთელი „ლუტონის“ ასაკობრივი გუნდის შეხვედრაში ნახეს, მისი ტექნიკური შესაძლებლობები მოეწონათ და და პორტუგალიაში, „გიმარაეშის“ აკადემიაში მიიწვიეს.

პორტუგალიაში 17 წლის 10-იანმა თავი კარგად წარმოაჩინა, თუმცა ბიუროკრატიული პრობლემის გამო მასთან კონტრაქტის გაფორმება ჯერ შესაძლებელი არაა. 2024 წლის 16 იანვარს გიგი 18 წლის გახდება და „ვიტორია გიმარაეშთან“ პროფესიულ ხელშეკრულებას გააფორმებს, ზამთრამდე კი ინგლისში ერთ-ერთ საფეხბურთო სკოლაში მოემზადება, რომელთანაც Gestifute თანამშრომლობს.

Gestifute-ს ხელმძღვანელი ჟორჟე მენდეშია, რომელიც მსოფლიო ფეხბურთის არაერთ ვარსკვლავთან, მათ შორის კრიშტიანუ რონალდუსთან თანამშრომლობდა. ჟორჟე მენდეშის პარტნიორი ჟორჟე პირესია, რომელიც გიგი გოგიას „გიმარაეშში“ გადასვლაში აქტიურად მონაწილეობდა. აღნიშნული სააგენტო მთელს მსოფლიოში ცნობილია, განსაკუთრებით დიდი ავტორიტეტით ესპანეთსა და პორტუგალიაში სარგებლობს.

გიგი გოგია „ათიანის“, მარცხენა გარემარბისა და მარჯვენა გარემარბის პოზიციებზე თამაშობს. მისი მეოთხე პოზიცია მარცხენა მცველია. მას „ჩარლტონის“, ქპრ-ს, „ფლიტვუდ თაუნსა“ და „ლუტონის“ საფეხბურთო აკადემიებში უთამაშია.

გიგი გოგიას ორმაგი მოქალაქეობა აქვს, საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა. „გიმარაეშის“ იურისტები ცდილობდნენ, რომ ფეხბურთელთან პროფესიული კონტრაქტი 17 წლის ასაკში გაეფორმებინათ, მაგრამ Brexit-ის გამო „ვიტორია გიმარაეში“ მხოლოდ ზამთარში გაიფორმებს, როცა გიგი სრულწლოვანი გახდება.

ასევე გეტყვით, რომ 2022 წელს გიგი გოგია გიორგი ხიზანიშვილმა საქართველოს 17-წლამდე ნაკრებში მიიწვია, თუმცა ინგლისის 17-წლამდე ნაკრებთან შეხვედრაში ტრავმა მიიღო და 32-ე წუთზე შეცვალეს, რის გამოც დაახლოებით სამი თვე გაუცდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები