„მეტოქე შესწავლილი გვყავდა, კმაყოფილი ვარ “ - რა ითქვა გორში
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, დილამ ვორსკლას უმასპინძლა. ქართულ - უკრაინული დაპირისპირება დილას გამარჯვებით, ანგარიშით - 3-1 დასრულდა. ორი მატჩის ჯამში დილამ უკრაინული გუნდის ბარიერი გაიარა და კონფერენს ლიგის შემდეგ ეტაპზე ითამაშებს, სადაც მისი მეტოქე ქართველების აპოელი იქნება.
შეხვედრის შესახებ გორის დილას მთავარმა მწვრთნელმა ისაუბრა.
ანდრეი დემჩენკო:
მატჩი მოვიგეთ იმიტომ, რომ უკეთესები ვიყავით და შეხვედრას ვაკონტროლებდით, ვცდილობდით ჩვენი თამაში გვეთამაშა, ფეხბურთელებმა საკუთარი თავისა და გუნდურობის იწამეს. ვფიქრობ, თუ ვიტყვი, რომ კარგად ვითამაშეთ, სიმართლესთან ახლოს იქნება.
მთელი თამაში მეტოქეს პრესინგს ვთავაზობდით და ვცდილობდით მათთვის გოლის გატანის შანსი შეგვემცირებინა. ეს მხოლოდ ერთ მომენტში არ გამოგვივიდა. საბოლოოდ, გამოჩნდა, რომ მეტოქე მართლაც კარგად გვყავდა შესწავლილი, მზად ვიყავით მათი დაცვითი სტილისთვის, ასევე პერსონალური დუელებისა და იმ ტაქტიკისთვის, რასაც მეტოქე გვიმზადებდა. პოლონეთში გამართული შეხვედრისგან განსხვავებით, გორში მომენტების რეალიზება შევძელით, რაც ანგარიშზეც აისახა.
გამოჩნდა, რომ შეცვლებმა იმუშავეს, თუმცა ჩვენი მოკლე სათადარიგოთა სკამი გრძელვადიანი გეგმებისთვის, ბუნებრივია, საკმარისი არ არის. თითქმის უკვე 3 წელია, რაც დილაში ვმუშაობ და ის შრომა, რომელიც გავწიეთ, ეტაპობრივად უკვე იჩენს თავს. ჩემი შვილი დინამოს აკადემიაში ფეხბურთს თამაშობს, სწავლობს, ჩვენი ოჯახი საქართველოსა და დილას შესანიშნავად შეეწყო".
მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთა ვორსკლას მთავარმა მწვრთნელმაც:
ვიტორ სკრიპნიკი:
ვფიქრობ, რომ მეტოქემ დამსახურებულად გვაჯობა, ანგარიში კი თამაშის სურათს ასახავს. ფეხბურთელებმა იცოდნენ, რომ დილას შეცდომებს უნდა დალოდებოდნენ, მატჩის სცენარი კი სხვანაირი გამოვიდა. ჩვენი, როგორც გუნდის დონე, ქართული კლუბის დასამარცხებლად არ გამოდგა.
მინდა, გორელების უკრაინელ მწვრთნელს წარმატება ვუსურვო. ჩანს, რომ ის დილაში ნაყოფიერად მუშაობს. წარმატებას ვუსურვებ დილას და ქართველ გულშემატკივარსაც.
აქვე შეგახსენებთ, რომ დღესვე, კონფერენს ლიგას დინამო თბილისი და ქუთაისის ტორპედო გამოეთიშნენ, ევროტურნირებს უკვე დაემშვიდობა დინამო ბათუმიც, შესაბამისად, ქართული გუნდები ყურადღებას მხოლოდ საქართველოს დავით ყიფიანის თასზე და საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგზე მიმართავენ, რომელიც 21-წლამდე ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის გამო, უჩველოდ დიდი შესვენების შემდეგ, 5 აგვისტოდან დაგვიბრუნდება.
გორის დილა კი, კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო მატჩს, არსებული რეგულაციების გათალისწინებით, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე , 10 აგვისტოს გამართავს, სტუმრად დაგეგმილი შეხვედრა კი 17 აგვისტოს ჩაინიშნა.