„მთელ ქვეყანას ბოდიშს ვუხდი“ - დინამოს მწვრთნელის კომენტარი
UEFA-ს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში თბილისის „დინამო“ შინ „ჰამრუნთან“ 0:1 დამარცხდა. პირველი მატჩი „ჰამრუნმა“ 2:1 მოიგო. ასე რომ ორი მატჩის ჯამში შემდეგ ეტაპზე მალტური გუნდი გავიდა, თბილისის „დინამოსთვის“ ევროსეზონი დასრულდა.
თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გიორგი დეკანოსიძე: „თამაშზე ვერაფერს ვიტყვი, ბოდიშს ვიხდი. დინამო ასე არ უნდა თამაშობდეს, ასეთ გუნდთან არ უნდა მარცხდებოდეს. დიდი ბოდიში მთელ ქვეყანას.
რაც შეეხება ინციდენტს, ეს პირველი შეხვედრიდან დაიწყო, დღეს კი გაშვებული გოლის შემდეგ მეტოქის ფეხბურთელმა ჩვენს მიმართ არასასიამოვნო სიტყვები თქვა, რასაც კამათი მოჰყვა. ეს იყო გიორგი ჭიაბრიშვილისა და მეტოქის ფეხბურთელის გაძევების მიზეზი.
„ასტანასთან“ მატჩის შემდეგ ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია ვერ მოვახერხეთ. ყაზახურ კლუბთან მარცხმა გუნდის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. მატჩამდე გამოვარდნაზე არავინ ფიქრობს.
პასუხისმგებლობს არავინ გაურბის, მარცხში უპირველესად დამნაშავეები ჩვენ ვართ. სამწვრთნელო შტაბის მომავალი? რა იქნება, როგორ იქნება, ამაზე ვერაფერს ვიტყვი. ვნახოთ, კლუბის ხელმძღვანელები რა გადაწყვეტილებას მიიღებენ.
რაც შეეხება გუნდის გაძლიერებას, ამასთან დაკავშირებით პრობლემები იყო, მაგრამ ძლიერი ფეხბურთელების მოყვანა რთულია.
მწვრთნელებსა და კლუბის ხელმძღვანელებს შორის აზრების თანხვედრა არის, წინააღმდეგ შემთხვევაში აქამდე აქ არ ვიქნებოდით“.
შეგახსენებთ, კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ჰამრუნის“ მეტოქე დიდი ალბათობით „ფერენცვაროში“ იქნება, უნგრეთის ჩემპიონმა პირველ შეხვედრაში საკუთარ კედლებში „შემროკ როვერსი“ 4:0 გაანადგურა. საპასუხო შეხვედრა დღეს გაიმართება.