თბილისის დინამო, გიორგი ჭიაბრიშვილი, ჰამრუნი
Aa
Aa

ჭიაბრიშვილი : „ასტანას ბარიერი უნდა დაგვეძლია, იმედია ამ სტრესიდან გამოვალთ"

კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრეში თბილისის „დინამო“ მალტურ „ჰამრუნს“ დაუპირისპირდება.

დინამო არენაზე გასამართი მატჩის წინ ორივე გუნდის მწვრთნელებმა პრესკონფერენცია გამართეს.

 „ჰამრუნის“ იტალიელი სპეციალისტის ლუჩანო ძაურის შემდეგ ჟურნალისტებთან დინამოს მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი გამოცხადდა.

„ყველა შეცდომა მწვრთნელის ბრალია. ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე გადის ეგეც ჩემი ბრალია და ამიტომ ვიღებ პასუხისმგებლობას ჩემს თავზე. თუ ვერ გავედით რა თქმა უნდა კრიტიკის ღირსები ვართ. მაგრამ მეორე თამაშამდე არ მინდა ფეხბურთელებზე ზეწოლა იყოს. რა თქმა უნდა მალტაში ბევრი შეცდომა დავუშვით, მაგრამ იმედი მაქვს ხვალინდელი მატჩი ჩვენ სასიკეთოდ დასრულდება.

მე ვფიქრობ ასტანას ბარიერი უნდა გაგვევლო, ეს იყო საფეხბურთო უიღბლობა. ამ შემთხვევაში განწყობაზე რთულია ლაპარაკი. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ჩემპიონთა ლიგის პირველი ეტაპი დაგვეძლია და ახლა ვართ სტრესში. იმედია ამ სტრესს და უიღბლობას დავძლევთ და ხვალ გავიმარჯვებთ. პირველი მატჩი ნამდვილად ცუდი იყო და ვეცდებით  ყველაფერი გამოვასწოროთ და შემდეგ ეტაპზე ჩვენ გავიდეთ.

ძალიან ცოტა დრო გვაქვს პროგნოზებისთვის. მწვრთნელს ბევრი სამუშაო აქვს და ამ გუნდს მომავალი აქვს. საქართველოს დონეზე დინამო ძლიერია გუნდია, ევროთასებზე გამოჩნდა, რომ ეგრე არ არის.

მარგველაშვილის შესაძლებლობები ძალიან კარგად ვიცი. ის საქართველოს დონეზე ძალინ საჭირო ფეხბურთელია. მას შეუძლია ამის დამტკიცება. ასტანასთან მან 26 ჩაწოდება მოიგერია და მათი ბევრი შეტევა ჩაშალა. შეიძლება უფრო დიდი ანგარიში ყოფილიყო.ამიტომ იდგა ის სასტარტოში

არცერთი ერი არ არის იმ ნიჭით დაჯილდოებული, როგორც ქართველები. როგორ ვიყენებთ ამ ნიჭს, ეგ სხვაა. არ მგონია ესპანელზე ან ბრაზილიელებზე ნაკლებად ნიჭიერები ვიყოთ. როცა სხვანაირად ვიფიქრებ, ჩემი ადგილი ქართულ ფეხბურთში აღარ იქნება. მწვრთნელები და ფეხბურთში მომუშავეები ბევრს ვაკლებთ. დიდი ნიჭის მქონე ერი ვართ. ყველამ მეტი უნდა მოვინდომოთ, მეტი პროფესიონალიზმი, თანხები, ინფრასტრუქტურა გვჭირდება.

სხირტლაძემ ივარჯიშა, თუმცა მიკროტრავმა აქვს, ასევე დაშავებულია ტაბიძე. კირკიტაძე უკვე დიდი ხანია არ გვყავს. მატჩის შემდეგ ბევრი სტატია წავიკითხე. გულშემატკივრების შემდეგ ჟურნალისტები ხართ მთავარი შემფასებლები. აუცილებელი არ არის ფეხბურთელს სისხლი წამოუვიდეს იმისთვის, რომ მიხვდე მწვრთნელი იძულებით ცვლი თუ არა მოთამაშეს. ბევრი ვერ გაერკვა იმაში, რომ ტაბიძე და მაისურაძე იძულებით გავიყვანე. საკუთარი თავის კრიტიკოსი პირველ რიგში მე ვარ“ - განაცხადა ჭიაბრიშვილმა

შეგახსენებთ, რომ მალტაში გამართულ შეხვედრაში გამარჯვება მასპინძლებმა იზეიმეს. მარუშიჩის გოლს „ჰამრუნის“ ფეხბურთელმა მბონგმა დუბლით უპასუხა და მატჩი ანგარიშით 2:1 დაასრულა.

ხვალინდელი დაპირისპირება 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უოტფორდმა დაადასტურა | ჩაკვეტაძე ინგლისურ კლუბში ითამაშებს
უოტფორდმა დაადასტურა | ჩაკვეტაძე ინგლისურ კლუბში ითამაშებს