ჰამრუნის თავკაცი: „ყველაფერი ხვალინდელ მატჩში გადაწყდება“
კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრეში თბილისის „დინამო“ მალტურ „ჰამრუნს“ ხვდება.
დინამო არენაზე ჩანიშნული განმეორებითი მატჩის წინ ორივე გუნდის მწვრთნელებმა პრესკონფერენცია გამართეს.
პირველი ჟურნალისტებთან „ჰამრუნის“ იტალიეილი სპეციალისტი ლუჩანო ძაური გამოცხადდა.
„პირველი შეხვედრის რეზულტატით გამოჩნდა, რომ ძალიან კარგად ორგანიზებულ გუნდს ვეთამაშეთ. მაგრამ ჩვენ უკეთ გამოვიყენეთ მომენტები და ეს იყო გადამწყვეტი გამარჯვებაში. ყველაფერი ხვალინდელ მატჩში გადაწყდება. დინამოსგან უკეთეს თამაშს ველოდები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ისინი საკუთარი გულშემატკივრების წინ იასპარეზებენ. თამაში 0:0-დან იწყება და არ აქვს მნიშვნელობა მალტაში რა შედეგი დაფიქსირდა. მთავარია კონცენტრაცია არ დავკარგოთ და სასურველ შედეგს მივაღწიოთ.“ - განაცხადა ძაურიმ
შეგახსენებთ, რომ მალტაში გამართულ შეხვედრაში გამარჯვება მასპინძლებმა იზეიმეს. მარუშიჩის გოლს „ჰამრუნის“ ფეხბურთელმა მბონგმა დუბლით უპასუხა და მატჩი ანგარიშით 2:1 დაასრულა.
ხვალინდელი დაპირისპირება კი 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.