არსენალზე გავრცელებულმა ინფორმაციამ გააღიზიანა | ნაპოლისთვის ხვიჩა ხელშეუხებელია
ცნობილმა იტალიურმა გამოცემამ, Il Mattino-მ „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე დაწერა. Il Mattino-მ ყურადღება „კვარას“ მომავალზე და „არსენალის“ ინტერესის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე გაამახვილა.
„კვარაცხელიას ყოყმანი არ დაუწყია, როცა ნიუკასლს დაუკავშირეს, არსენალის ინტერესზე დაწყებული საუბრის გამო კი გაღიზიანებულია. ნაპოლისთვის კვარა ხელშეუხებელია და ყოველთვის ასე იყო. მისი ნებისმიერი მსურველი ერთი და იმავე პასუხს მიიღებს და ეტყვიან, რომ ის არ იყიდება.
კვარაცხელიას აურელიო დე ლაურენტისი იცავს, რომელსაც მასში ყველაფერი მოსწონს: სტილი, თავაზიანობა, განათლება. და რა თქმა უნდა, ის, რასაც მოედანზე აკეთებს. თუ ნაპოლის მედროშე დასჭირდება, ხვიჩა ერთ-ერთი კანდიდატი იქნება“, - წერს იტალიური გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია „არსენალს“ ბრიტანელმა ჟურნალისტმა, სტივ კეიმ დაუკავშირა. მისი ინფორმაციით, „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი, „მეთოფეების“ ინტერესის სფეროშია მოქცეული და შესაძლოა, ამ ზაფხულს, მისი გადაბირება სცადონ.