ზურაბ ხიზანიშვილი, დანდი
Aa
Aa

ხიზანიშვილი ერთადერთი უცხოელია - Scottish Sun-მა საინტერესო ფაქტი გაიხსენა

The Scottish Sun-მა გამორჩეულ ახალგაზრდა შოტლანდიელ ფეხბურთელებს სტატია მიუძღვნა და ერთი საინტერესო ფაქტი გაიხსენა, რომელიც „დანდისა“ და „რეინჯერსის“ ყოფილ ფეხბურთელს, ზურაბ ხიზანიშვილს უკავშირდება.

2001-02 წლების სეზონიდან მოყოლებული შოტლანდიის ფეხბურთზე მწერალ ჟურნალისტთა ასოციაცია (SFWA) შოტლანდიის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა (23-წლამდე) ფეხბურთელს ყოვეწლიურად ასახელებს. 2001-02 წლების სეზონში ეს ჯილდო ჯეიმ მაკფადენმა მიიღო, 2002-03 წლების სეზონში კი ზურაბ ხიზანიშვილმა. მას შემდეგ ეს ჯილდო ტრადიციულია, თუმცა ხიზანიშვილი ერთადერთი უცხოელია, რომელსაც ეს პრიზი მიუღია.

ეს პრიზი ისეთ შოტლანდიელ ფეხბურთელებს მიუღიათ, როგორებიც არიან ჯეიმს მაკფადენი, სტივენ ფლეტჩერი (2-ჯერ), კირან ტირნი (3-ჯერ), სკოტ ბრაუნი. გასულ სეზონში ეს ჯილდო მაქს ჯონსტონს გადაეცა, რომელიც ამ ზაფხულში „მოზერველიდან“ გრაცის „შტურმში“ გადავიდა.

2002-03 წლების სეზონი „დანდის“ ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, შოტლანდიის თასის ფინალში გლაზგოს „რეინჯერსთან“ 0:1 დამარცხდა. ზურაბ ხიზანიშვილმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, გაცილებით მაღალი დონის გუნდების ყურადღება მიიპყრო და 2003 წლის ზაფხულში კარიერა „რეინჯერსში“ გააგრძელა, თუმცა 2003 წლის აპრილში BBC-სთან მიცემულ ინტერვიუში ხიზანიშვილმა აღნიშნა, რომ მისი დამატება პრემიერ ლიგის კლუბსაც სურდა:

„სამი არჩევანი მქონდა, მათ შორის ერთ-ერთი წინადადება ინგლისის პრემიერ ლიგიდან მივიღე, მაგრამ უპირატესობა „რეინჯერსში“ თამაშს მივანიჭე. ეს დიდი კლუბია დიდი ამბიციებით“.

2002-03 წლების სეზონი შოტლანდიაში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელებისთვის გამორჩეული იყო, თასის ფინალში სამმა ქართველმა ითამაშა, შოთა არველაძის „რეინჯერსმა“ გიორგი ნემსაძისა და ზურაბ ხიზანიშვილი „დანდი“ დაამარცხა.

BBC-ს ინფორმაციით, ხიზანიშვილი თბილისის „ლოკომოტივიდან“ „დანდიში“ 100 000 ფუნტ სტერლინგად გადავიდა, „რეინჯერსს“ კი თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები