ანდრეი შევჩენკო, კიევის დინამო, კახა კალაძე, ლეონიდ ბურიაკი, ვალერი ლობანოვსკი
Aa
Aa

„ვარჯიშებს ვერ უძლებდნენ, კალაძემ გონება დაკარგა“ - ბურიაკი ლობანოვსკის დატვირთვებზე

ლეონიდ ბურიაკმა უკრაინულ ГОРДОН-თან ინტერვიუში ვალერი ლობანოვსკისთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა. უკრაინელი სპეციალისტი ფეხბურთელებს დიდი დატვირთვებით ავარჯიშებდა.

ლეონიდ ბურიაკი: „კუპერის ტესტი და 5 გარბენი (60-წუთიანი). ზოგადად, ლობანოვსკი ბევრ ტესტს გვიტარებდა. ჩვენს შემდეგ ხალხი კვდებოდა. იმდენად მძიმე ვარჯიშები იყო, ხალხი ვერ უძლებდა. კახა კალაძემ გრძნობა დაკარგა. რუსმა ფეხბურთელმა ევგენი ლოვჩევმა ნაღველი აღებინა.

ლობანოვსკის გუნდში გენიალური ფეხბურთელები თამაშობდნენ, მათ შორის ანდრეი შევჩენკო, რომელიც გენეტიკურად ძალიან ჯანმრთელი იყო''.

ბურიაკის მიერ ხსენებული კუპერის ტესტი 1967 წელს კენეტ კუპერმა აშშ-ის არმიისთვის შექმნა და მას ფეხბურთში აქტიურად იყენებდნენ.

2020 წელს გიორგი დემეტრაძემ ლობანოვსკისთან მუშაობის საწყისი პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ უკრაინელი სპეციალისტი ფეხბურთელებს ძალიან დიდი დატვირთვებით ავარჯიშებდა.

„ლობანოვსკი არასდროს ყვიროდა. კიევის „დინამოში’’ გადასვლისას მითხრა: „გიორგი, თავიდან ძნელი იქნება, მაგრამ უნდა მოითმინოო’’. შეკრებაზე დიდი დატვირთვები იყო, ვარჯიშების შემდეგ წონას ვკარგავდი და ცუდად ვხდებოდი. ისეთი რთული ვარჯიშები იყო, რომლის მსგავსიც ცხოვრებაში არ მინახავს. ამ დატვირთვების შემდეგ თამაში ყველა გუნდში გამიადვილდა“.

შეგახსენებთ, გიორგი დემეტრაძე კიევის „დინამოში“ 2000 წელს თამაშობდა, კახა კალაძე კი - 1998-2001 წლებში. კალაძემ უკრაინის ჩემპიონატი და თასი სამ-სამჯერ მოიგო. ასევე, 1998-99 წლების სეზონში ლობანოვსკის გაწვრთნილი „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა, სადაც მიუნხენის „ბაიერნთან“ დამარცხდა (3:3, 0:1).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები