დემბელეს სატრანსფერო საგა | L’Equipe-ის უახლესი ინფორმაცია
„ბარსელონას“ ფეხბურთელის, უსმან დემბელეს მომავალთან დაკავშირებით ბევრი რამ ბურუსითაა მოცული. ფრანგი შემტევის საკუთარ რიგებში ხილვა „პარი სენ-ჟერმენს“ სურს და „პარკ დე პრენსზე“ გადასვლა დემბელესაც უნდა.
26 წლის ფეხბურთელის კონტრაქტში არსებობს პუნქტი, რომლის 1-ელ აგვისტომდე გაააქტიურების შემთხვევაში, მის მსურველ კლუბს გამოსასყიდ თანხად 50 მილიონი ევროს გადახდა მოუწევდა. საწინააღმდეგო ვარიანტით, ტრანსფერი 100 მილიონი ევრო დაჯდებოდა. გუშინ, ფაბრიციო რომანომ დაწერა, რომ „პარი სენ-ჟერმენს“ ეს პუნქტი არ გაუაქტიურებია, მაგრამ L’Equipe-ი განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს.
ფრანგული გამოცემის მიხედვით, პსჟ-მ ეს პუნქტი პროფილაქტიკის მიზნით მაინც გაააქტიურა და დემბელე პარიზელთა რიგებს უახლოეს დღეებში შეუერთდება. L’Equipe-ის ცნობით, ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერი მიმდინარე კვირის ბოლომდე გამოცხადდება.
L’Equipe-ის ინფორმაციას ფაბრიციო რომანო გამოეხმაურა და დემბელეს გარშემო შექმნილ ვითარებას ნათელი მოჰფინა. მისი თქმით, „ბარსელონასთვის“ ოფიციალური წერილის გაგზავნით, „პარი სენ-ჟერმენმა“ კონტრაქტში არსებული „პირადი“ პუნქტი გაააქტიურა. მისი წყალობით, დემბელეს შეძენა ისევ 50 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ დემბელეს წასვლის შემთხვევაში, „ბლაუგრანა“ ჟოაუ ფელიქსის გადაბირებას შეეცდება. „ბარსელონამ“ მის მიმართ ინტერესი განაახლა და დიდი ალბათობით, უსმანეს წასვლის შემდეგ გაჩენილ სიცარიელეს, სწორედ პორტუგალიელი ფეხბურთელის ტრანსფერით შეავსებს.