კვარას მორიგი აღიარება | ხვიჩას 9 ოქტომბერს დააჯილდოებენ
„ნაპოლის“ ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ მანლიო სკოპინიოს სახელობის ჯილდო მოიგო და სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. „კვარა“ სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ გამოარჩია, რომელიც ექს-ფეხბურთელებითა და ცნობილი ჟურნალისტებითაა დაკომპლექტებული.
ხვიჩას ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი სერია A-ს საუკეთესო თავკაცი გახდა. კრისტიანო ჯუნტოლიმ ნომინაცია „წლის მენეჯერში“ გაიმარჯვა, აურელიო დე ლაურენტისმა კი წლის საუკეთესო პრეზიდენტის წოდება მიიღო. სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია 9 ოქტომბერს არის ჩანიშნული.
სხვათა შორის, ჟიურის თავმჯდომარე ლეგენდარული იტალიელი მეკარე, დინო ძოფი გახლავთ. ჟიურის წევრის სტატუსი აქვთ ისეთ ცნობილ ჟურნალისტებს, როგორებიც სტეფანო აგრესტი (Gazzetta dello Sport), ივან ძაძარონი (Corriere dello Sport), ალესანდრო ანტინელი (RAI Sport), ჯანი ვისნადი (Calciomercato), ნანდო ორსი (DAZN) და სხვები არიან. ცნობისთვის, 2018 წელს, ეს ჯილდო ჩირო იმობილემ მოიგო, 2019-ში - კრიშტიანუ რონალდუმ, 2020-ში - ისევ იმობილემ, 2021-ში - რომელუ ლუკაკუმ, 2022-ში კი ისევ ჩირომ.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ სერია A-ს სადებიუტო სეზონი 12 გოლითა და 10 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. წარმატებული ასპარეზობის წყალობით, სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ზე მისი სატრანსფერო ღირებულება 85 მილიონ ევრომდე გაიზარდა და „კვარა“ მსოფლიოს 20 ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელს შორისაა.