ვახტანგ ჭანტურიშვილი, იაბლონეცი
Aa
Aa

ჭანტურიშვილი: „არ მავიწყდება, რაც რუსეთმა საქართველოს გაუკეთა“

ჩეხური „იაბლონეცის“ ფეხბურთელმა ვახტანგ ჭანტურიშვილმა ჩეხურ გამოცემა ISPORT-თან ინტერვიუში ბევრ თემაზე ისაუბრა, მათ შორის ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე, ქართული ფეხბურთის პროგრესსა და სხვა საინტერესო თემებზე. პროფესიული საკითხების გარდა სპორტსმენმა რუსეთთან დამოკიდებულებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რაც რუსეთმა საქართველოს გაუკეთა, არ ავიწყდება.

„მძულს პოლიტიკა. მახსოვს 2008 წლის ომი, ჩემი ქვეყნის 20 პროცენტი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. რუსები ჩემი ქვეყნის მიმართ კეთილგანწყობილნი არ არიან. რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება, მაგრამ როცა რუსული სახელი მესმის, 2008 წელი მახსენდება.

ბრძოლა, ტკივილი, ქართველების ცრემლები...მოულოდნელად უამრავმა ადამიანმა დაკარგა სახლი, სამსახური. მათ არაფერი დარჩათ, ყველაფერი თავიდან უნდა დაეწყოთ. არ ვარ ბედნიერი, როცა რუსები საქართველოში მიდიან''.

„იაბლონეცის“ ქართველ ფეხბურთელს რუსეთსა და საქართველოს შორის აღდგენილ საჰაერო ფრენებზეც ჰკითხეს.

„ამ გადაწყვეტილებას ხალხი პროტესტით შეხვდა. მათ შორის პროტესტს ახალგაზრდა ადამიანები, სტუდენტები გამოხატავდნენ. არ მავიწყდება, რაც ჩვენს მიმართ რუსეთმა გააკეთა. ჩემი თანამემამულეების ტკივილი ჩემი ტკივილია. თუ მტერს შენს ქვეყანაში შემოსვლის უფლებას ასე ადვილად მისცემ, არასდროს იცი მათგან რას უნდა ელოდო, მაგრამ ქართველებს ომის არასდროს ეშინოდათ. ქართველებს ამის გამოცდილება რამდენჯერმე ჰქონდათ. წინ მიდიან და ბოლომდე იბრძვიან. ეს ჩვენი ხასიათია“.

ჭანტურიშვილს უთამაშია თბილისის „მერანში“, „ზესტაფონში“, თბილისის „დინამოში“, უკრაინულ „ოლექსანდრიასა“ და ტრნავის „სპარტაკში“. 2019 წლის ზამთრიდან ვახტანგ ჭანტურიშვილი ჩეხეთის ჩემპიონატში თამაშობს, გასული სეზონის ბოლომდე „ზლინის“ ფეხბურთელი იყო, ახალი სეზონი „იაბლონეცში“ დაიწყო და სეზონის საწყის ორ ტურში სასტარტო 11-ეულში ითამაშა.

2016-18 წლებში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 5 მატჩი ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები