თურქეთში ტრანსფერი ჩაიშალა? - აბუაშვილმა პორტუ B-ში ითამაშა
პორტუგალიური O JOGO-ს ინფორმაციით, გიორგი აბუაშვილი ახალი სეზონისთვის „პორტუს“ სარეზერვო გუნდთან ერთად ემზადება. მიმდინარე თვის დასაწყისში აღნიშნული წყარო წერდა, რომ შესაძლებელი იყო 20 წლის ქართველი ნახევარმცველი თურქეთის სუპერლიგის „ალანიასპორში“ გადასულიყო, თუმცა ამ ეტაპზე ფეხბურთელი პორტუგალიურ კლუბშია და ახალი სეზონისთვის ემზადება.
„პორტუ B“ მელგასუში ემზადება, ესპანეთის მესამე ლიგის გუნდთან ამხანაგური შეხვედრა 0:2 დათმო. მთავარმა მწვრთნელმა ანტონიუ ფოლიამ აბუაშვილი სასტარტო 11-ეულში ათამაშა.
აბუაშვილს შეუძლია გარემარბისა და შემტევი ნახევარმცველის პოზიციებზე თამაში. გასულ სეზონში მეტწილად 19-წლამდე გუნდში გამოდიოდა, სარეზერვო გუნდში კი მხოლოდ 5 ოფიციალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, საერთო ჯამში 67 წუთი ითამაშა. 1 მატჩი UEFA-ს ახალგაზრდულ ლიგაზე მადრიდის „ატლეტიკოს“ 19-წლამდე გუნდთან ჩაატარა, მატჩის მიწურულს, 82-ე წუთზე ჩაერთო თამაშში.
2021 წლის ზაფხულში აბუაშვილი თბილისის „დინამოდან“ „პორტუში“ გადავიდა, კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.