პრემიერ ლიგაში გადასვლის შანსი მცირეა - ჯეიკობსმა ხვიჩაზე ისაუბრა
ინგლისელმა ჟურნალისტმა ბენ ჯეიკობსმა ხვიჩა კვარაცხელიას პრემიერ ლიგაში შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ ეტაპზე კვარაცხელიას ინგლისურ კლუბში ტრანსფერი მოსალოდნელი არაა, რადგან „ნაპოლის“ მისი გაშვება არ სურს.
„პეპ გუარდიოლას სურვილის შემთხვევაში მან. სიტი“ ფინანსური კუთხით კვარაცხელიას შესაძენად მზადაა, რადგან მიმდინარე ზაფხულში „ქალაქელები“ დეკლან რაისის სანაცვლოდ 90 მილიონ ევროს იხდიდნენ. ამ გარიგების განხორციელება ამ ეტაპზე რთულია, რადგან „ნაპოლის“ კვარაცხელიას დაკარგვა არ სურს'' - აღნიშნა ჯეიკობსმა Football FanCast-თან საუბარში.
ჯეიკობსი ამ თემასთან დაკავშირებით GiveMeSport-საც ესაუბრა: „ის „ნაპოლიში“ კვარადონას სახელითაა ცნობილი, რადგან მას მარადონასთან აიგივებენ, რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მას საკმაოდ კარგი სეზონი ჰქონდა. „მან. სიტისა“ და „ნიუკასლს“ უკავშირებენ, თუმცა ამ ზაფხულში მისი ინგლისში გადასვლის შანსი საკმაოდ მცირეა, თუმცა თუ ეს მოხდა, წარმოუდგენლად მომგებიანი იქნება“.
„ნაპოლის“ ახალი მთავარი მწვრთნელი რუდი გარსია ქართველზე დიდ იმედს ამყარებს და კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მის გაყიდვას სრულიად არ განიხილავს.
Gazzetta dello Sport-ი ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ გარსიას გეგმების შესახებ წერს:
„კვარაცხელია სპალეტის ხელში უფრო მეტად ფლანგისკენ მოქმედებდა, თითქმის აუტის ხაზთან. ბურთის მიღებისთანავე კარზე მიდიოდა და მაშინვე ურტყამდა. ხვიჩა თავისუფლად თამაშობდა, შეცდომების დაშვების უფლებაც ჰქონდა. გარსიას მოსვლით კვარაცხელიას მოქმედებების საწყისი წერტილი შეიცვლება, ბურთის მიღების წერტილი. გარსიას უფრო მეტად ვერტიკალური შეტევა და მეტოქის დაცვის ცენტრის გარღვევა უყვარს. მწვრთნელი იდეა კვარაცხელიას შეტევის წინა ხაზზე გადაყვანაა. კართან უფრო ახლოს ყოფნა, კარში უფრო ხშირად დარტყმის წახალისება. კვარაცხელიამ მეტოქის დაცვაზე მეტი გავლენა უნდა მოახდინოს. ოსიმენთან უფრო ახლოს უნდა ითამაშოს. ახალ სეზონში კვარაცხელიას ტაქტიკური ევოლუცია „ნაპოლისთვის“ ერთ-ერთი მთავარი სიახლე და უცნობი თემა იქნება“.