ჰოილუნდი ოლდ ტრაფორდზე - შეთანხმება მიღწეულია
The Athletic-ის ინფორმაციით, ბერგამოს „ატალანტა“ მზადაა რასმუს ჰოილუნდი „მან. იუნაიტედში“ გაყიდოს, თუ სკანდინავიელი ფორვარდის სანაცვლოდ 75 მილიონ ევროს მიიღებს, პლუს 10 მილიონი ევრო ბონუსების სახით.
თავდაპირველად იტალიური კლუბი რასმუს ჰოილუნდის სანაცვლად 90 მილიონ ევროს ითხოვდა, თუმცა იტალიური კლუბი კომპრომისზე წავიდა. ფაბრიციო რომანოს ცნობით, მხარეები ყველა დეტალზე შეთანხმდნენ და 24 საათში ტრანსფერის ფორმალურ მხარეს მოაგვარებენ.
ჯანლუკა დი მარციო წერდა, რომ მიმდინარე კვირა ჰოილუნდის ტრანსფერისთვის გადამწყვეტი იქნებოდა. ახალგაზრდა ფეხბურთელს „იუნაიტედთან“ წინასწარი შეთანხმება დადებული ჰქონდა და მისი გადაბირება „წითელი ეშმაკებისთვის“ პრიორიტეტს წარმოადგენდა.
2022 წლის ზაფხულში ბერგამოს „ატალანტამ“ რასმუს ჰოილუნდი 17 მილიონ ევროდ გრაცის „შტურმიდან“ შეიძინა. გასულ სეზონში, 20 წლის ფორვარდმა სერია ა-ს 32 მატჩში 9 გოლი შეაგდო და 4 საგოლე პასი შეასრულა.
რასმუს ჰოილუნდმა დანიის ეროვნულ ნაკრებში 6 მატჩში 6 გოლი შეაგდო.