შეთანხმება მიღწეულია | საზონოვის ლიონში ტრანსფერს მხოლოდ ერთი რამ აფერხებს
მოსკოვის „დინამოს“ ქართველი ფეხბურთელი, საბა საზონოვი კარიერას „ლიონში“ გააგრძელებს. რამდენიმე დღის წინ, დაიწერა, რომ კლუბები შეთანხმების მიღწევასთან ახლოს იყვნენ და როგორც L’Equipe-ი იუწყება, მათ საერთო ენა გამონახეს.
გავლენიანი ფრანგული გამოცემის ინფორმაციით, კლუბებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია და „ლიონი“ საზონოვის სანაცვლოდ 3 მილიონ ევროს გადაიხდის. საბასთან 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდება და ფრანგული გრანდი მას ბელგიურ „მოლენბეკში“ გაანათხოვრებს. ეს კლუბი „ლიონის“ მფლობელის, ჯონ ტექსტორის საკუთრებაა.
L’Equipe-ის ინფორმაციით, საზონოვის ტრანსფერთან მიმართებით ერთი დაბრკოლება არსებობს. საქმე ისაა, რომ ტექსტორის მიერ წარდგენილ ბიუჯეტში ფინანსური დარღვევები იქნა აღმოჩენილი და ფრანგული ფეხბურთის ფინანსების მეთვალყურე ორგანიზაციამ, DNCG-იმ გადაწყვიტა, კლუბის ტრანსფერები და სახელფასო ბიუჯეტი გააკონტროლოს. როგორც ირკვევა, გარიგების დახურვამდე, „ლიონმა“ ტრანსფერის დეტალების შესახებ ინფორმაცია ზემოთ ხსენებულ DNCG-ს უნდა გადაუგზავნოს და თუ ყველაფერი წესრიგში იქნება, საბას გაფორმება შეეძლება.
შეგახსენებთ, რომ Transfermarkt-ზე საზონოვის ღირებულება 2.5 მილიონი ევროა. საბამ რუსეთის პრემიერ ლიგის გასულ სეზონში მონაწილეობა 24 შეხვედრაში მიიღო და მის ანგარიშზე 1 გოლია.