ანდრეი დემჩენკო
Aa
Aa

დემჩენკო: „ქართულ ფეხბურთს აღმასვლა აქვს, რთული მატჩები გველოდება“

გორის „დილას“ მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ საქართველოს ჩემპიონატზე და მომდევნო მეტოქეზე ისაუბრა. უკრაინელი სპეციალისტის გუნდი უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში „ვორსკლას“ დაუპირისპირდება და დემჩენკოს თქმით, მის ბიჭებს რთული შეხვედრები ელოდებათ.

„ქართულ ფეხბურთს აღმასვლა აქვს. საქართველოში კარგი სპეციალისტები და მაღალი დონის ლეგიონერები ჩადიან და ფინანსურ მხარესთან დაკავშირებული საკითხების კუთხითაც პროგრესი შეინიშნება. ჩემპიონატის ტოპ 5 კლუბში, ადგილობრივი სტანდარტების გათვალისწინებით, ძალიან კარგი ხელფასებია. ადრე ყველაფერი დინამო თბილისსა და დინამო ბათუმს შორის წყდებოდა, ახლა კი პირველი ადგილისთვის 5-6 კლუბი იბრძვის. ქართულ კლუბებში კარგი ფეხბურთელები გადადიან, შემდეგ კი ევროპაში მიდიან. მაგალითად შეგვიძლია, კვარაცხელია, დავითაშვილი, გოჩოლეიშვილი მოვიყვანოთ. უნდა ვახსენოთ წიტაიშვილიც, რომელიც დინამო ბათუმში გადავიდა.

ვორსკლას რაც შეეხება, უკრაინული კლუბის შესახებ ბევრი ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა მის მთავარ მწვრთნელს, ვიქტორ სკრიპნიკს კარგად ვიცნობ. ის ზორიაში 3 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა და მის სამუშაოს თვალს აქტიურად ვადევნებდი. მის სტილს კარგად ვიცნობ. როცა ახალგაზრდა მწვრთნელი ვიყავი, სკრიპნიკთან კურსები გავიარე და მასთან რამდენიმე კვირის განმავლობაში ვსწავლობდი.

სკრიპნიკის ხელში ზორია ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა, ვორსკლაში კი გუნდის ხელახლა შენების პროცესი მიმდინარეობს და ბევრი ახალი მოთამაშე ჰყავთ. ვორსკლას სამი ამხანაგური მატჩი ვნახე და შემიძლია გითხრათ, რომ გუნდის ფეხბურთი მწვრთნელის იდეებს შეესაბამება. ფეხბურთელებმა იციან, მათი თავკაცი რას ითხოვს და რა ფილოსოფია აქვს. ვორსკლამ კრავეცი და სეფერი დაკარგა, მაგრამ მაინც კარგი გუნდია. მეტოქეს დიდ პატივს ვცემთ და მასთან მატჩისთვის უდიდესი სიფრთხილით ვემზადებით. მარტივი მატჩები არ გვექნება, მაგრამ იმედია, მიზანს მივაღწევთ“.

შეგახსენებთ, რომ გორის „დილა“ პირველ შეხვედრას სტუმრის რანგში გამართავს და მატჩი ხვალ, თბილისის დროით, 21:30-ზე დაიწყება.     

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები