ტორპედოს მწვრთნელი: „პირველი წუთიდან შევუტევთ, შედეგი დამოკიდებული მხოლოდ ჩვენზე იქნება“
სარაევოს ბარიერის გადალახვის შემდეგ, კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ქუთაისის ტორპედოს მეტოქე ყაზახური აქტობეა, რომელსაც მატჩისწინა დღეს, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა გაურთულდა. აქტობე ჩარტერს 7 საათის მანძილზე, სანქცირებული ავიაკომპანიის გამო ვერ ანხორციელებდა, ამავე მიზეზით, ქუთაისს ხვალ ეწვევა. აღსანიშნავია, რომ ვიზა ვერ მიიღო შემადგენლობის ერთმა ფეხბურთელმა, კოტდივუარელმა თავდამსხმელმა, ანდერსონ ნიანგბომ, რომელიც სხვათაშორის, გენტში, გიორგი ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახლდათ და ამ ეტაპზე, აქტობეს ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშედ ითვლება.
პრობლემების გათვალისწინებით, მატჩისწინა დღეს, რამაზ შენგელიას მედია დარბაზში. მხოლოდ ტორპედოს მთავარი მწვრთნელის, სტივ კინის მატჩისწინა პრესკონფერენცია შედგა.
სტივ კინი (ტორპედოს მთავარი მწვრთნელი)
ძალიან კარგია, რომ კონფერენს ლიგის მეორე ეტაპზე ვართ. ეს მახარებს მე და დარწმუნებული ვარ, თქვენს შემთხვევაშიც ასეა.
ვიცი, რომ მედიას არსებულ რეალობაზე ინფორმაცია გაქვთ: ტორპედომ ნამდვილად ბევრი გააკეთა, რომ ჩვენი ძალისხმებით აქტობეს პრობლემა მოგვარებულიყო. ეს ყველაფერი გუშინ შევიტყვეთ და მას შემდეგ, ამ ამბის მოგვარებაში ჩაერთო ყველა, ვისაც კი ჩვენი მხრიდან, რაიმე ტიპის დახმარება შეეძლო. სპორტული პატივისცემის დარღვევა არ გვსურდა, ამიტომ, ჩვენი დახმარებით, მათ თანხმობა მიიღეს და ხვალ დილით გვესტუმრებიან.
აქტობეს მხოლოდ განრიგი შეეცვალა და რეალურად, ეს ჩვენ არაფერს გვიცვლის. არ ვთვლით, რომ ისინი მოუმზადებლები ან დაღლილები ჩამოვლენ - მეტოქე მაქსიმუმს გაიღებს.
რეალურად, სარაევოში ძალიან რთული თამაში გვქონდა, შემდეგ კი რთული გზა გამოვიარეთ: ვიფრინეთ დუბაიში, დუბაიდან - საქართველოში, ეს პროცესი და ტრანსპორტირება დროში გაიწელა, მაგრამ ფეხბურთელებმა ძალების აღდგენისთვის ყველაფერი გააკეთეს, ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ ისინი მენტალურად და ფიზიკურად მზად არიან. საერთოდაც, იმ რთულ გარემოში, ბოსნიელი გულშემატკივრის წინ რომ წაგვეგო, ის პროგრესი, რომელიც გუნდმა განიცადა, მაინც დადებითად შეფასდებოდა. ამას ყველა ვხედავთ.
სარაევოში არ გვსურდა, რომ დაცვითი ფეხბურთი გვეთამაშა, მაგრამ იყო პერიოდი, როდესაც სარაევო გიჟურად გვიტევდა და ზეწოლა დიდი იყო, გამომდინარე აქედან, დაცვითი ტაქტიკაზე გადაწყობა მოგვიწია. რაც შეეხება აქტობესთან მატჩს, ეს სცენარი აღარ განმეორდება, რადგან მსაჯის სასტვენისთანავე შევუტევთ, ჩემი გუნდი აგრესიული, მაღალი ინტენსივობით გამორჩეული ფეხბურთის თამაშს გეგმავს. ვეცდებით, ყველა მომენტი ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ.
რეალურად, აქტობეზე ყველაფერი ვიცით: როგორც ინდივიდუალურად, ისე ტაქტიკურად და მწვრთნელის კუთხით. მოწინააღმდეგეს პატივს ვცემთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ხვალინდელი მატჩი მხოლოდ ჩვენზე იქნება დამოკიდებული - როგორც ვითამაშებთ, ისეთ შედეგს მივიღებთ.
წლებია ტორპედო ევროტურნირების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე არ ყოფილა, გულშემატკივრის ატმოსფერო და ქალაქი, სადაც ეს გუნდი უყვართ, მოტივაციაა.
პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, ტორპედომ კონფერენს ლიგის მეორე ეტაპის მატჩისთვის მზადების პროცესში, ბოლო ვარჯიში გამართა.
ბილეთები/არბიტრები/პირდაპირი რეპორტაჟი
ქუთაისში ბელგიელბი იმსაჯებენ.
შეხვედრის მთავარი არბიტრი 39 წლის ბელგიელი, ჯონათან ლარდო იქნება, რომელსაც ასისტენტობას ფლორიან ლემარი და ქვენტინ ბლეიზი გაუწევენ, მეოთხე მსაჯის ფუნქციას კი ბერტ პუტი შეითავსებს.
როგორც CrystalSport-ისთვისაა ცნობილი, ამ ეტაპზე ბილეთების 70% უკვე გაყიდულია.
ტორპედოსა და აქტობეს მატჩი 27 ივლისს, 21:00 საათიდან შედგება. მატჩზე დასასწრები ბილეთები ხელმისაწვდომია როგორც სტადიონის სალაროებში, ისე ვებგვერდზე - TKT.GE. 3 წლამდე ბავშვებისათვის დასწრება უფასოა.
ქართულ - ყაზახური დაპირისპირების პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.