გეგუჩაძე წლის ბოლომდე რჩება - დინამოს დირექტორის კომენტარი
კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „ტირანასთან“ მარცხის შემდეგ ბათუმის „დინამოს“ ხელმძღვანელები კლუბის ქომაგებს შეხვდნენ. ქომაგთა მოთხოვნა მთავარი მწვრთნელის, გია გეგუჩაძის მოხსნა და ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნაა, თუმცა კლუბის დირექტორის, ასლან ბალაძის განცხადებით მთავარი მწვრთნელი პოსტზე სეზონის ბოლომდე იმუშავებს. ამ თემაზე ბალაძე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ესაუბრა.
შეგახსენებთ, „დინამო ბათუმის“ ქომაგთა კლუბმა, „შავი ზღვის პირატებმა“ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. აჭარული კლუბის გულშემატკივრებმა „ტირანასთან“ მარცხის გამო ზომების გატარება და მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გია გეგუჩაძის გაშვება მოითხოვეს.
„დინამო ბათუმის ევროსეზონის ნაადრევად დასრულების შემდეგ თითქმის ერთი კვირა გავიდა და ამ დრომდე არც გუნდისა და არც მთავარი მწვრთნელის (თუ არ ჩავთვლით მატჩისშემდგომ ბუნდოვან განცხადებას) ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. ჩვენ არ ვერევით კლუბის სასტრასნფერო პოლიტიკაში - ჩვენთვის მთავარია შედეგი და ის რაც ჩვენს წინ, მინდორზე ხდება და ის რაც გასულ შეხვედრაში მოედანზე ვიხილეთ, არ შეესაბამებოდა იმ მოთხოვნებს, რასაც სტადიონზე მოსული 20 000-მდე გულშემატკივარი ვითხოვთ.
ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ისტორიული, საჩემპიონო სეზონის შემდეგ გუნდის განვითარება შენელდა და ყველაფერმა ძალიან მდორე ხასიათი მიიღო, შედეგად კი ევროტურნირებზე განთესილი გუნდი, არაფრით გამორჩეულ მეტოქესთან, ყოვლად უფანტაზიო ფეხბურთის წყალობით პირველივე ეტაპზე დამარცხდა. ჩვენთვის ეს ყოველივე სასტიკად მიუღებელა და ამის მოთმენას აღარ ვაპირებთ. ვფიქრობდით, რომ მთავარი მწვრთნელი აიღებდა პასუხისმგებლობას და ჩაგდებული ევროსეზონის შემდეგ დაგვემშიდობებოდა - როგორც აღმოჩნდა, სულ ტყუილად ველოდით. შესაბამისად, თუ კი უახლოეს დღეებში გია გეგუჩაძე არ დატოვებს მთავარი მწვრთნელის პოსტს, პირატები და სხვადასხვა თაობის გულშემატკივარი ვიტოვებთ უფლებას ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, გავაპროტესთოთ მისი გუნდში დარჩენა“, - ნათქვამია განცხადებაში.