„პერსპექტიული ფეხბურთელია“ | ბრაიდა საზონოვზე
„მილანის“ ყოფილმა დირექტორმა, არიედო ბრაიდამ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელზე, საბა საზონოვზე ისაუბრა. ბრაიდას სერია A-ს კლუბების ინტერესზე ჰკითხეს და „როსონერის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ საზონოვი პერსპექტიული ფეხბურთელია.
„საქართველოს ნაკრებში მოთამაშე ბიჭზე მეკითხებით? ის პერსპექტიული ფეხბურთელია და ბევრი კლუბის სიაში ტყუილად არ იმყოფება. ამ თემაზე საუბრისას, არ შემიძლია, კახა კალაძე არ გავიხსენო, რომელმაც ჩვენთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო. დღესდღეობით, იტალიაში, ყველა კვარაცხელიაზე ლაპარაკობს და ეს სამართლიანიცაა, მაგრამ სერია A-ში პირველი ქართველი ვარსკვლავი კალაძე იყო, რომელიც მიყვარდა, როგორც ფეხბურთელი და პატივს ვცემდი, როგორც ადამიანს“.
შეგახსენებთ, რომ ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის დასრულების შემდეგ Tuttomercatoweb-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საზონოვით სერია A-ს რამდენიმე კლუბი დაინტერესდა: „ფროზინონე“, „სასუოლო“ და „უდინეზე“. Championat.com-ი იუწყებოდა, რომ საზონოვი „გალათასარაის“ ინტერესის ობიექტი იყო, თუმცა საქმე წინ არ წასულა.
გეტყვით იმასაც, რომ საბას საკუთარ რიგებში ხილვა „ლიონსაც“ სურს. L’Equipe-ის ცნობით, მხარეებს შორის კონტაქტი უკვე შედგა და შეთანხმების მიღწევამდეც ცოტა რჩება. ფრანგები მზად არიან, საბას სანაცვლოდ 3-4 მილიონი ევრო გადაიხადონ და ფეხბურთელს 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმონ.