„დიდი პოტენციალი აქვს, ლიონი კარგი ვარიანტია“ | სალუქვაძემ საზონოვზე ისაუბრა
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის, რამაზ სვანაძის ასისტენტმა, ლაშა სალუქვაძემ საბა საზონოვზე ისაუბრა. სალუქვაძემ ინტერვიუ Metaratings.ru-ს მისცა და უცხოურ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საზონოვი კარიერას „ლიონში“ გააგრძელებს.
„ლიონში გადასვლა საზონოვისთვის წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. საბას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და ფიზიკურად და ტაქტიკურად ძლიერი ფეხბურთელია. საზონოვი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და წინ კარგ კლუბებში თამაში ელოდება. ლიონი ჩემპიონთა ლიგაზე ხშირად ასპარეზობს და ფრანგული გუნდი მისთვის კარგი ვარიანტია. ვიცი, რომ საბას ევროპიდან ბევრი წინადადება აქვს, მაგრამ ლიონიც მშვენიერი ვარიანტია.
შეძლებს, ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად კონკურენციის მოგებას? დანამდვილებით ვერავინ იტყვის, რა მოხდება. ვიმეორებ, საზონოვს დიდი პოტენციალი აქვს და გამომდინარე აქედან, მგონია, რომ კონკურენციას მოიგებს. ჩემი აზრით, საბა 4 მილიონ ევროზე მეტი ღირს“.
შეგახსენებთ, რომ L’Equipe-ის ცნობით, საზონოვის ტრანსფერზე, მხარეებს შორის კონტაქტი უკვე შედგა და შეთანხმების მიღწევამდეც ცოტა რჩება. ფრანგები მზად არიან, საბას სანაცვლოდ 3-4 მილიონი ევრო გადაიხადონ და ფეხბურთელს 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმონ.