ალ-ჰილალს მბაპესთან მოლაპარაკებების დაწყების უფლება მისცეს | კილიანი ბარსასაც უნდა
„პარი სენ-ჟერმენმა“ კილიან მბაპეს თაობაზე, ასტრონომიული შეთავაზება მიიღო. პარიზულ გრანდს წინადადებით „ალ-ჰილალმა“ მიმართა და ფრანგი სუპერვარსკვლავის სანაცვლოდ 300 მილიონ ევროს იხდის.
გავლენიანი ფრანგული გამოცემის, Telefoot-ის ინფორმაციით, „პარი სენ-ჟერმენმა“ „ალ-ჰილალს“ ფეხბურთელთან მოლაპარაკებების დაწყების უფლება მისცა. არაბული კლუბი თანახმაა, მბაპეს 1-წლიანი ხელშეკრულება გაუფორმოს, ხელფასის სახით, 700 მილიონი ევრო გადაუხადოს, ხოლო ვადის გასვლის შემდეგ, სასურველ კლუბში გადასვლის უფლება მისცეს.
საინტერესოა, რომ მბაპეს გარშემო განვითარებულ მოვლენებს „ბარსელონაც“ აკვირდება. L’Equipe-ის ინფორმაციით, „ბლაუგრანა“ „პარი სენ-ჟერმენს“ დაუკავშირდა და წინადადებით მიმართა. კატალონიელებს ტრანსფერის დასახურად საჭირო ფინანსები არ აქვთ, მაგრამ მზად არიან, პარიზელებს მბაპეს სანაცვლოდ რამდენიმე ფეხბურთელი დაუთმონ.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „პარკ დე პრენსის“ ბინადრები დარწმუნებული არიან, რომ მბაპეს „რეალთან“ შეთანხმება აქვს დადებული, რომლის მიხედვითაც, 2024 წელს, „სამეფო კლუბის“ მოთამაშე გახდება. კილიანი პსჟ-სთან კონტრაქტს სწორედ ამიტომ არ ახანგრძლივებს. კლუბის მიზანია, მბაპე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას გაყიდონ ან იგი ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე დაიყოლიონ.