მიხეილ ყაველაშვილი, გაბრიელ სიგუა, ბაზელი
Aa
Aa

სიგუა ბაზელში - ტრანსფერი მალე დადასტურდება

თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელი გაბრიელ სიგუა კარიერას „ბაზელში“ გააგრძელებს. შვეიცარიული Sport-ის ინფორმაციით, „ბაზელს“ ქართველი ფეხბურთელის დამატების დიდი სურვილი აქვს.

CrystalSport-ის ცნობით, „ბაზელი“ 18 წლის ტალანტს გრძელვადიან კონტრაქტს გაუფორმებს, საიჯარო ხელშეკრულება მოლაპარაკების მიმდინარეობისას არ განხილულა. გაბრიელს ჯერ „ბაზელთან“ კონტრაქტი არ გაუფორმებია, თუმცა უახლოეს საათებში შვეიცარიაში თავის წარმომადგენლებთან ერთად გაფრინდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს გააფორმებს.

CrystalSport-ის ცნობით, ტრანსფერზე FA PLAYERS AGENTS-ის წარმომადგენლები, გუგა კაჭახიძე და საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გიორგი ფოფხაძე მუშაობდნენ. მოლაპარაკება აქტიურად 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მხარეები ყველა დეტალზე შეთანხმდნენ, მხოლოდ ფორმალური მხარეა მოსაგვარებელი.

სიგუა მეორე ქართველი ფეხბურთელი გახდება, ვინც „ბაზელში“ ითამაშებს, 2006 წელს შვეიცარიულ კლუბში მიხეილ ყაველაშვილი თამაშობდა, 10 შეხვედრაში 4 გოლი შეაგდო. „ბაზელი“ ჩემპიონობასთან ახლოს იყო, თუმცა ბოლო ტურში საკუთარ კედლებში „ციურიხთან“ მარცხის გამო  ტიტული დათმო, ჩემპიონი „ციურიხი“ გახდა. ყაველაშვილმა კარიერა 2006 წლის მიწურულს „ბაზელში“ დაასრულა.

18 წლის გაბრიელ სიგუა თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია, გასული წლიდან მოყოლებული პირველ გუნდში თამაშობს, მიმდინარე სეზონში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 16 თამაშში (6 შეცვლაზე) 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა.

სიგუას დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მიმდინარე წელს მონღოლეთთან ამხანაგურ შეხვედრაში შედგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები