გეგმა შეიმუშავეს - არსენალი მბაპესთვის ბრძოლაში ერთვება
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პსჟ მბაპეს გაყიდვას მიმდინარე ზაფხულში გეგმავს, კილიანის მსურველთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება. ამჯერად სიას ლონდონის „არსენალი“ შეუერთდა.
Footballtransfers-ის ცნობით, „არსენალი“ ფრანგის შეძენას განიხილავს. არსებობს ეჭვები, რომ ლონდონელები პსჟ-ს ფინანსური ახირების დაკმაყოფილებას შეძლებენ, მაგრამ „მეთოფეებმა“ შესაძლოა გარიგებაში თავდამსხმელი გაბრიელ მარტინელიც ჩართონ. Transfermarkt-ის ცნობით, ბრაზილიელი ახლა დაახლოებით 80 მილიონი ევრო ღირს.
„არსენალი“ მარტინელის 53 მილიონ ფუნტად გაყიდვას გეგმავს ან პსჟ-ს მბაპეს თანხის შესამცირებლად შესთავაზებს. ბრაზილიელი სწორედ კილიანის პოზიციაზე მარცხენა ფლანგზე თამაშობს.
მბაპესთვის ბრძოლაში ფავორიტი, რა თქმა უნდა, მადრიდის „რეალია“, თუმცა „სამეფო კლუბს ამ დრომდე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია და არც არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-მ „რეალისა“ და მბაპეს შეთანხმების შესახებ გაიგო, რომელიც 2024 წელს ფეხბურთელის მადრიდში უფასოდ გადასვლას ითვალისწინებდა. პარიზელთა პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი ყველაფერს აკეთებს, რომ ეს არ მოხდეს და კლუბმა მბაპეს სანაცვლოდ მიმდინარე ზაფხულს სოლიდური თანხა მიიღოს. მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, თუ სად გააგრძელებს კარიერას კილიანი, მთავარია მათი ფინანსური მოთხოვნები დაკმაყოფილდეს.