გიორგი მამარდაშვილი, მანუელ ნოიერი, ოლივერ ბაუმანი, რობერტ სანჩესი, კამილ გაბარა
Aa
Aa

„უდიდეს ტალანტად მიიჩნევა“ - BILD-ი მამარდაშვილზე წერს

BILD-ის ინფორმაციით, მიუნხენის „ბაიერნი“ „სევილიას“ მაროკოელი მეკარის, იასინ ბონოს ტრანსფერზე მუშაობს. მხარეებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს, თუმცა ამ ეტაპზე შეთანხმება არ მიღწეულა. „ბაიერნისთვის“ ბონოს დამატება პრიორიტეტს წარმოადგენს.

ფლორიან პლატენბერგის ინფორმაციით, მანუელ ნოიერის რეაბილიტაცია კარგი ტემპით მიმდინარეობს, თუმცა 18 აგვისტოს ბუნდესლიგის პირველ ტურს აუცილებლად გამოტოვებს. ამ ეტაპზე იან ზომერი გუნდში რჩება, ალექსანდრ ნიუბელი კი კლუბს იჯარით დატოვებს.

BILD-ის ცნობით, „ბაიერნი“ მეკარის პოზიციაზე რობერტ სანჩესისა (25) და კამილ გაბარას (24) კანდიდატურებს განიხილავს. რაც შეეხება გიორგი მამარდაშვილს, მისი ტრანსფერი ამ ზაფხულში „ბაიერნში“ არ შედგება. ავტორიტეტული გამოცემა მასთან დაკავშირებით წერს:

„მამარდაშვილი უდიდეს ტალანტად მიიჩნევა, „ბაიერნმა“ მის შესაძენად დაახლოებით 30 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს“.

აღნიშნული კანდიდატურების გარდა „ბაიერნს“ „ჰოფენჰაიმის“ გამოცდილი მეკარე, 33 წლის ოლივერ ბაუმანიც დაუკავშირეს.

20 ივლისს, ცნობილმა ჟურნალისტმა ფლორიან პლეტენბერგმა მამარდაშვილის „ბაიერნში“ ტრანსფერი გამორიცხა. მისი თქმით გადაწყვეტილია, რომ „მამარდა“ მიუნხენურ გრანდს არ შეუერთდება. მხარეებს შორის საუბარი ნამდვილად მიმდინარეობდა, მაგრამ მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაში არასდროს შესულა, როგორც ამას რამდენიმე გამოცემა იუწყებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები