ლომინაძის შესანიშნავი გოლი, გავაშელიშვილის პოკერი - 21 გოლი საქართველოს თასზე
საქართველოს თასის გათამაშების 1/16-ფინალური ეტაპის 6 მატჩი გაიმართა, ფეხბურთელებმა 21 გოლი გაიტანეს. დაპირისპირება ერთმატჩიანია და დამარცხებული საქართველოს თასს ემშვიდობება.
წყალტუბოს „სამგურალმა“ შინ „გაგრა“ 3:0 დაამარცხა. ანგარიში 52-ე წუთზე ნოდარ ლომინაძემ საჯარიმო დარტყმით გახსნა. 56-ე წუთზე ნიკა კალანდარიშვილმა ანგარიში გაზარდა, სტანდარტული ვითარებისას ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა და სტუმართა კარში აღმოჩნდა. მესამე გოლი იაპონელი ტაიკი კაგაიამას ანგარიშზეა, საგოლე პასი კალანდარიშვილმა შეასრულა.
ამ მატჩიდან ასევე აღსანიშნავია „სამგურალის“ მეკარის, ლევან შოვნაძის კარგი თამაში, რომელმაც რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია.
„მაჭახელა“ ბათუმში, „ჯონი ბაკურიძეზე“ ფოთის „კოლხეთთან“ 1:7 განადგურდა. სტუმართა რიგებში მამია გავაშელიშვილმა პოკერი შეასრულა (15, 48, 63, 88), ცოტნე ჩიქოვანის ანგარიშზე დუბლია (45, 58), ერთი გოლი დათა სიჭინავამ გაიტანა (78). რაც შეეხება საპასუხო გოლს, 88-ე წუთზე „მაჭახელას“ ფეხბურთელმა ნიკა გორგაძემ გამოიჩინა თავი.
„ბახმარო“ ჩოხატაურში, „ბორის პაიჭაძეზე“ „სპაერთან“ 0:3 დამარცხდა. ანგარიში 81-ე წუთზე თემურ გაბუნიამ გახსნა, 85-ე წუთზე ნიკოლოზ კენჭაძემ ანგარიში გაზარდა, მატჩის საბოლოო ანგარიში 88-ე წუთზე გიორგი ცეცხლაძემ დააფიქსირა.
„ირაომ“ კასპში მარტვილის „მერანს“ 4:0 მოუგო. გოლები მათე ქომეთიანის (44), ჭაბუკი ლაბაძის (56), ნიკო გოჩოლეიშვილისა (89) და გიორგი ნოზაძის (90+1) ანგარიშზეა.
„ვიტ ჯორჯია“ ნიკა ჩაგუნავასა (19) და თორნიკე შეყილაძის (41) გოლებით „თელავს“ ამარცხებდა, თუმცა მეორე ტაიმის 6-წუთიან მონაკვეთში ირაკლი რუხაძემ დუბლი შეასრულა (54, 60). დამატებით დროში გოლი არ გასულა, პენალტების სერია „ვიტ ჯორჯიამ“ 4:5 დათმო.
თბილისის „ლოკომოტივი'' - „შუქურას“ მატჩის ძირითადი დრო 0:0 დასრულდა. დამატებით დროში „ლოკომოტივის“ ფეხბურთელებმა სამი გოლი გაიტანეს, ლაშა მენთეშაშვილმა ანგარიში გახსნა, შემდეგ კი თორნიკე კურტანიძემ დუბლი შეასრულა - 3:0.