ფროზინონე შეთავაზების გაკეთებისთვის მზადაა - რუსული მედია საზონოვზე
რუსული Soccer-ის ინფორმაციით, „ფროზინონე“ მზადაა საბა საზონოვის ტრანსფერთან დაკავშირებით მოსკოვის „დინამოს“ ოფიციალური წინადადებით მიმართოს.
„ფროზინონეს“ მმართველმა გვიდო ანგელოციმ რუსულ РБ Спорт-თან საუბარში დაადასტურა, რომ ამ ეტაპზე რუსული კლუბისთვის ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავთ, თუმცა ინტერესი რეალურია.
ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის დასრულების შემდეგ Tuttomercatoweb-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით საზონოვით სერია ა-ს რამდენიმე კლუბი დაინტერესდა: „ფროზინონე“, „სასუოლო“ და „უდინეზე“. ასევე, ამავე პერიოდში Championat.com-ი იუწყებოდა, რომ საზონოვი „გალათასარაის“ ინტერესის ობიექტი იყო, თუმცა საქმე წინ არ წასულა.
საზონოვის გადაბირება „ჰამბურგმაც“ სცადა, არაფერი გამოუვიდა. ამის მიზეზი ისაა, რომ ქართველმა ფეხბურთელმა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მაღალ დონეზე ჩაატარა, რის შემდეგაც, მასზე დიდი მოთხოვნა გაჩნდა და „ჰამბურგი“, მაღალი კონკურენციის გამო, იძულებული გახდა, სხვა ვარიანტი მოეძებნა.
საზონოვი „დინამო მოსკოვის“ ფეხბურთელია. რუსულ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 2.5 მილიონი ევროა. საბამ რუსეთის პრემიერ ლიგის გასულ სეზონში მონაწილეობა 24 შეხვედრაში მიიღო და მის ანგარიშზე 1 გოლია.