სამგურალი, გიორგი სულაქველიძე, მიხეილ აშვეთია
Aa
Aa

რუსეთიდან საქართველოში - სულაქველიძე სამგურალში ითამაშებს

მოსკოვის „დინამოს“ 22 წლის ნახევარმცველი გიორგი სულაქველიძე იჯარით წყალტუბოს „სამგურალში“ ითამაშებს. ცაცია ცენტრალური ნახევარმცველი მოსკოვშია დაბადებული, მოსკოვის „დინამოს“ პირველ გუნდში ირიცხებოდა, პრემიერ ლიგის სამატჩო განაცხადში ხშირად ხვდებოდა, თუმცა მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა, რუსეთის თასზე „როსტოვთან“ ითამაშა.

ამ ეტაპზე ქართულ ენას არ ფლობს, თუმცა გარემოსთან ადაპტირებისთვის ქართული ენის სწავლა მნიშვნელოვანი იქნება.

Transfermarkt-ის ინფორმაციით, მისი სატრანსფერო თანხა 225 000 ევროა.

სულაქველიძის თამაშის მომენტები

ასევე გეტყვით,რომ სულაქველიძის გარდა „სამგურალმა“ შემდეგი ფეხბურთელები დაიმატა: 22 წლის ხორვატი ცენტრალური მცველი ბარტულ მარკოვინა, 21 წლის ბრაზილიელი შემტევი ლეანდრო ლიმა, 26 წლის უკრაინელი ფორვარდი დენის ბალანიუკი და 22 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ბექა დარცმელია.

 „სამგურალის“ სპორტული დირექტორი მიხეილ აშვეთია კლუბის პრესსამსახურს ესაუბრა:

,,რაც შეეხება ახალწვეულებს, ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო შევსება მივიღეთ. აქცენტი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გავაკეთეთ. დავიმატეთ ხორვატი ბარტულ მარკოვინა, ბრაზილიელი ლეანდრო ლიმა, მოსკოვის ,,დინამოდან" გადმოვიყვანეთ გიორგი სულაქველიძე. დავიმატეთ ბექა დარცმელია, რომელსაც ეროვნულ ლიგაში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. თავდასხმის ხაზი გამოცდილი უკრაინელი ფორვარდით დენის ბალანიუკით გავაძლიერეთ. ყველა მათგანზე დიდ იმედებს ვამყარებთ, იმედი გვაქვს, რომ გაგვაძლიერებენ და დასახული მიზნის მიღწევაში დაგვეხმარებიან. უკვე 9 ლეგიონერი გვყავს, შეგვიძლია კიდევ ერთი ლეგიონერის დამატება, სატრანსფერო ფანჯარა დახურულია, მაგრამ კლუბი ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს ახალი ფეხბურთელების მოძიებაზე, რომ მომავალი სეზონიდან კიდევ უფრო გავძლიერდეთ.

გუნდი ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც ყოველთვის საჭიროებს განახლებას, ამას ,,სამგურალიც" ვერ აუვლის გვერდს. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდიდან წასულ ფეხბურთელებს. იყო საკითხები, რაზეც კლუბსა და ფეხბურთელებს განხსვავებული პოზიციები ჰქონდათ. ამიტომ, მათ ხელი არ შევუშალეთ კარიერის სხვაგან გაგრძელებაში. კიდევ ერთხელ მადლობა მათ გაწეული შრომისთვის და წარმატებებს ვუსურვებ მომავალ კარიერაში...

რაც შეეხება გიორგი ნიქაბაძეს, მასთან დაკავშირებით განსხვავებული ვითარება გვქონდა. უზბეკური კლუბისგან მივიღეთ შემოთავაზება. ფეხბურთელმაც გვთხოვა, რომ ტრანსფერში ხელი არ შეგვეშალა. ეს ყველაფერი გავითვალისწინეთ, თანაც უზბეკებმა გარკვეული სატრანსფერო თანხაც გადაიხადეს. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. რა საკვირველია, გიორგი ძალიან დაგვაკლდება, მაგრამ იმედი გვაქს, რომ უკრაინელი თავდამსხმელი და ჩვენი ახალგაზრდა ფორვერდები მას ღირსეულად ჩაანაცვლებენ. ბოლოს, მინდა გულშემატკივარი დავარწმუნო, საკმაოდ ამბიციური გუნდი გვეყოლება, რომელიც მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს. დანარჩენი უკვე სეზონის ბოლოს გამოჩნდება. ყველა დარწმუნებული ვართ, რომ მიზანი რომელიც გუნდს აქვს, წარმატებით განხორციელდება''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები