დუნაისკა სტრედას თავკაცი: „რთული მეტოქე გვყავდა, გავარდნა დიდი იმედგაცრუებაა“
„დუნაისკა სტრედას“ მთავარმა მწვრთნელმა, ადრიან გულამ გორის „დილასთან“ გამართულ დაპირისპირებაზე ისაუბრა, რომელიც მისმა გუნდმა ორი მატჩის ჯამში 2:3 წააგო. გულამ შედეგს იმედგამაცრუებელი უწოდა და „დილას“ წარმატება მიულოცა.
„ეს ძალიან დიდი იმედგაცრუებაა. უნდა ვაღიაროთ, რომ გორის დილა რთული და ხარისხიანი მეტოქე იყო. პირველ ტაიმში პასიურები ვიყავით, ბევრს არ ვმოძრაობდით, მეტოქეს სივრცეები გავუხსენით და თამაშში ჩვენმა მეკარემ დაგვტოვა. რთული შეტევები მოვიგერიეთ, მაგრამ გავუშვით გოლი, რომლის თავიდან არიდებაც მარტივად შეგვეძლო. დაცვაში, ბურთის კონტროლისას და პრესინგისას უკბილოდ ვთამაშობდით და ბევრი ბურთი დავკარგეთ.
მეორე ტაიმი რადიკალურად განსხვავებული სცენარით წარიმართა. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლებს რამდენიმე შანსი ჰქონდათ, მეორე ტაიმში პროდუქტიული ვიყავით და მომენტები შევქმენით, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ. ძელს და ხარიხას გავარტყით და მატჩის მიწურულს, შანსები გავანიავეთ. დამაგვირგვინებელ ფაზაში უფრო ეფექტური უნდა ვყოფილიყავით და სამწუხაროა, ჩვენთვის ევროტურნირები რომ დასრულდა. დილას გამარჯვებას ვულოცავთ. არის კომპონენტები, რომლებიც უნდა დავხვეწოთ და რა თქმა უნდა, ეს შედეგი დიდი იმედგაცრუებაა“.
შეგახსენებთ, რომ განმეორებით შეხვედრაში, გორის „დილამ“ 2:0 იმარჯვა და ორი მატჩის ჯამში, 3:2 მოიგო. გორელთა მხრიდან პირველი გოლი ტიერი გეილის ანგარიშზეა, მეორე ბურთი კი ალეფ სანტოსმა შეაგდო.