„ვოლკი საერთოდ სხვა დონეზეა“ - ჯაი ჰერბერტი თოფურია VS ვოლკანოვსკიზე
UFC-ის ქართველი მებრძოლის, ილია თოფურიას ყოფილმა მეტოქემ, ჯაი ჰერბერტმა ალექსანდრ ვოლკანოვსკისა და „ელ მატადორის“ შესაძლო დაპირისპირებაზე ისაუბრა. ჰერბერტს ჰკითხეს, ილიას „ვოლკთან“ რა შანსი ექნებოდა და ინგლისელის თქმით, ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი თოფურიაზე ერთი თავით მაღლა დგას.
„ჩემი აზრით, ვოლკანოვსკი Pound for pound ნომერ პირველი მებრძოლია და ბოლო ჩხუბში, რომელიც იაირ როდრიგესთან გამართა, შესანიშნავი იყო. როცა ძალიან მაგარი მებრძოლები ვოლკთან ჩხუბობენ, ვხედავთ, რომ ალექსი მათზე უკეთ გამოიყურება. ვფიქრობ, ილიას შეუძლია, ვოლკანოვსკისთან ბრძოლას თავი კარგად გაართვას, მაგრამ ამ მომენტისთვის, ალექსი საერთოდ სხვა დონეზე იმყოფება“.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, MMA-ის ქართველი ქომაგებისთვის საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ისლამ მახაჩევი მომდევნო ბრძოლას ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ გამართავს, რაც ნიშნავს, რომ ვოლკანოვსკისა და მახაჩევის მატჩ-რევანში ჯერ არ იგეგმება. გამომდინარე აქედან, მაღალია შანსი, „ვოლკმა“ მომდევნო ბრძოლა ქვემსუბუქ წონით დივიზიონში გამართოს და მისი მეტოქე თოფურია იყოს.
Islam Makhachev will defend his lightweight title against Charles Oliveira in a rematch at UFC 294, Dana White announced. pic.twitter.com/cnTOSZ7AMH
— ESPN MMA (@espnmma) July 20, 2023
გეტყვით იმასაც, რომ ჰერბერტმა და თოფურიამ 2022 წლის 19 მარტს იჩხუბეს. ჯაიმ ილია დაანოკდაუნა, თუმცა „ელ მატადორი“ ბრძოლას არ გამოეთიშა და მეტოქე მეორე რაუნდში დააფინიშა.